2023 წლის 20 ნოემბერს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი 81 წლის გახდა, ანუ ის უხუცესი ადამიანი გახდა, რომელსაც ოდესმე დაუკავებია თეთრი სახლის ოვალური ოფისი. ამ ფაქტს და დაბადების დღეს ჯო ბაიდენი ხუმრობით გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისი ასაკი და ნახევარი საუკუნის პოლიტიკური გამოცდილება ქვეყნისთვის აქტივს წარმოადგენს და არა - ვალდებულებას.
ჯო ბაიდენის აღნიშნული განცხადება ერთგვარი პასუხია ამერიკულ საზოგადოებაში არსებულ იმ გამოძახილზე, თითქოს დემოკრატი ლიდერი ამ მნიშვნელოვანი მოვალეობის შესასრულებლად არაშესაფერის ასაკში იმყოფება. როგორც საზოგადოებრივი აზრის კვლევები ცხადყოფს, ჯო ბაიდენის ასაკის მიმართ ამერიკის სამოქალაქო საზოგადოება ნეგატიურადაა განწყობილი. Reuters-ისა და Ipsos-ის მიერ, სექტემბრის შუა რიცხვებში ერთობლივად ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 77%, მათ შორის დემოკრატების 65%, მიიჩნევს, რომ ბაიდენი პრეზიდენტობისთვის ზედმეტად ხნიერია. გამოკითხულების მხოლოდ 39% ფიქრობს, რომ ჯო ბაიდენს პრეზიდენტობის ტვირთის საზიდად შესაფერისი მენტალური შესაძლებლობები აქვს.
თუ ბაიდენი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვებს და ქვეყნის პრეზიდენტის პოსტს შეინარჩუნებს, მეორე საპრეზიდენტო ვადის დასრულების დროს ის 86 წლის იქნება. ამ დრომდე, ამერიკის უხუცესი პრეზიდენტის რეკორდი რესპუბლიკელ რონალდ რეიგანს ეკუთვნოდა, რომელმაც მისი მეორე საპრეზიდენტო ვადა 77 წლისა დაასრულა. საინტერესო, რომ სწორედ ამ ასაკისაა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მთავარი პირდაპირი კონკურენტი - აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი.
ტრამპის შედარებით ახალგაზრდა ასაკს, როგორც ჩანს, ამერიკელები უფრო დადებითად აფასებენ, რადგან გამოკითხულთა მხოლოდ 56% ფიქრობს, რომ მისი ასაკი პრეზიდენტობისთვის შეუფერებელია. საპირწონედ ამისა, გამოკითხულთა 54% ფიქრობს, რომ მისი მენტალური მდგომარეობა პრეზიდენტობასთან შესაბამისია.