მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რას ვკითხულობთ წერილში, რომელიც ბაიდენმა ტრამპს თეთრ სახლში დაუტოვა?

დონალდ ტრამპი

ამერიკის შეერთებული შტატები არის ქვეყანა, სადაც ტრადიციების დაცვა განსაკუთრებით უყვარს და ეს ფილოსოფია, პირველ რიგში, საჯარო ინსტიტუტებში არის გათავისებული. ასეთი ტრადიციების ჩამონათვალში ხვდება ქვეყნის წარმავალი პრეზიდენტის მიერ მომავალი პრეზიდენტისთვის თეთრი სახლის ოვალური ოფისის მაგიდაზე წერილის დატოვება, რაც ძალაუფლების ცივილიზებულად გადაბარების ერთ-ერთ სიმბოლოდ ითვლება. აღნიშნული ტრადიცია არც ჯო ბაიდენმა დაარღვია, რომელმაც რამდენიმე დღის წინ, მსოფლიოს უძლიერესი ქვეყნის მართვის სადავეები დონალდ ტრამპს გადააბარა.

წერილი პირადი გზავნილია და პრეზიდენტები მის შინაარსზე საჯაროდ არ საუბრობენ, მაგრამ არატრადიციული პოლიტიკური მიდგომებით გამორჩეულმა დონალდ ტრამპმა ჩვეულებას გადაუხვია და წერილი გაასაჯაროვა. ეს ოვალურ კაბინეტში იმ დროს მოხდა, როცა პრეზიდენტი განკარგულებებს ხელს აწერდა. ჟურნალისტის კითხვაზე, დაუტოვა თუ არა მას წერილი ჯო ბაიდენმა, დონალდ ტრამპმა მცირე ზომის თეთრი კონვერტი ამოიღო, რომელსაც ზემოდან რიცხვი 47 ეწერა, რაც აშშ-ის 47-ე პრეზიდენტს აღნიშნავს. დონალდ ტრამპის თქმით, ჯო ბაიდენის წერილი შთამაგონებელი იყო.

“ძვირფასო პრეზიდენტო,

ვტოვებ რა ამ წმინდა ოფისს, თქვენ და თქვენს ოჯახს საუკეთესო სურვილებით მივმართავ. ამერიკელი ხალხი, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში მრავალი ადამიანი, ამ სახლს ისტორიის გარდაუვალ ქარტეხილებში სტაბილურობის სიმბოლოდ აღიქვამს. ვლოცულობ, რომ მომდევნო წლები ჩვენს ერს კეთილდღეობას, მშვიდობას და მადლს მოუტანს.

ღმერთმა დაგლოცოთ, გაკურთხოთ და წინ გაგიძღვეთ, როგორც ჩვენს საყვარელ ქვეყანას მისი დაფუძნების დღიდან.

ჯო ბაიდენი”, - ვკითხულობთ წერილში.

წარმავალი პრეზიდენტის მიერ ახალი პრეზიდენტისთვის წერილის დატოვების ტრადიციას სათავე რესპუბლიკელმა რონალდ რეიგანმა ჩაუყარა, რომელმაც 1989 წელს ძალაუფლება ასევე რესპუბლიკელ ჯორჯ ბუშ უფროსს გადააბარა. პრეზიდენტები ამ გზით ერთმანეთს რეიგანამდეც ეკონტაქტებოდნენ, მაგრამ თავად ამ წერილმა, რომელიც მეტად მეგობრულ და არაფორმალურ ხასიათს ატარებდა და თან, მედიაში აქტიურად გაშუქდა, ამ ნაბიჯის სიმბოლიზაციას დაუდო სათავე. თავის დროზე, სხვათა შორის, ასეთი წერილი ჯო ბაიდენს თავად დონალდ ტრამპმაც დაუტოვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები