მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვინ არიან ადამიანები, ვისაც დონალდ ტრამპი მინისტრებად დანიშნავს?

ტრამპის კაბინეტი

დონალდ ტრამპი ამერიკის შეერთებული შტატების მომავალი მთავრობის ფორმირებას აგრძელებს. მსოფლიოს ნომერ პირველი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოს მთავრობაში ბევრი ახალი ადამიანი გამოჩნდება. მათი დიდი ნაწილი, მართალია, ამერიკული პოლიტიკისთვის შესაძლოა უცნობი იყოს, მაგრამ ამ ადამიანებს კარგად იცნობენ კერძო სექტორში, რადგან მომავალ მდივნებს შორის არაერთ ბიზნესმენს და გამოცდილ მენეჯერს ვხვდებით. ახალ სამთავრობო კაბინეტში ასევე ვხვდებით რამდენიმე გამოცდილ პოლიტიკოსს, ყოფილ სამხედროს და მომავალი პრეზიდენტის მხარდამჭერს, რომლებიც დონალდ ტრამპმა პირადი კავშირების და პროფესიული გამოცდილების საფუძველზე შეარჩია.

შესაფერისი კადრების პოვნაში დონალდ ტრამპს Cantor Fitzgerald-ის გენერალური დირექტორი, მილიარდერი ჰოვარდ ლუტნიკი ეხმარება. დონალდ ტრამპის ახალ სამთავრობო კაბინეტში ისეთი ადამიანები შეიკრიბებიან, ვისთვისაც ტრადიციული ამერიკული ბიუროკრატია მიუღებელია. სახელმწიფო ხაზინის მმართველად დონალდ ტრამპმა უოლ-სტრიტის გამოცდილების მქონე ადამიანი დანიშნა, ხოლო შინაგან საქმეთა, შრომის და ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტები ისეთ ადამიანებს ჩააბარა, რომლებიც მის ამერიკაცენტრულ შიდა პოლიტიკას აღასრულებენ. ასეთივე ადამიანები დაინიშნნენ სხვა მნიშვნელოვან თანამდებობებზე.

სახელმწიფო მდივანი — მარკო რუბიო

აშშ-ის ერთ-ერთ უმაღლეს თანამდებობას დონალდ ტრამპის კაბინეტში ფლორიდის სენატორი, მარკო რუბიო დაიკავებს. მარკო რუბიო ერთ-ერთი გამოცდილი რესპუბლიკელი პოლიტიკოსია, რომლის ფორტე — საგარეო პოლიტიკაა. წლების განმავლობაში, მარკო რუბიო სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტს ხელმძღვანელობდა, რა დროსაც ჩინეთის აღზევებასთან, რუსეთის აგრესიასთან და კუბაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო გადაწყვეტებზე მუშაობდა. ღრმა საგარეო პოლიტიკის ცოდნის, კანონშემოქმედებითი გამოცდილების და კონსერვატორული შეხედულებების გათვალისწინებით, მარკო რუბიო დონალდ ტრამპის მარჯვენა ხელი იქნება, რომელიც კონფლიქტების მოგვარების და ომების დასრულების მანდატს ჩაიბარებს.

სახელმწიფო ხაზინის თავმჯდომარე — სკოტ ბესენტი

აშშ-ის სახელმწიფო ხაზინის შემდეგი თავმჯდომარე ამერიკული ჰეჯფონდის, Key Square Capital Management-ის დამფუძნებელი, სკოტ ბესენტი იქნება. როგორც დონალდ ტრამპი ამბობს, სკოტ ბესენტი მსოფლიოში აღიარებული საერთაშორისო ინვესტორი და გეოპოლიტიკის და ეკონომიკის მიმართულებით ავტორიტეტული და გავლენიანი სტრატეგია, რომლის დახმარებით დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია შეერთებული შტატების აღორძინებას დაუდებს სათავეს. 62 წლის ბესენტი 35-წლიანი გამოცდილების მქონე მენეჯერია, რომლის ქონების შეფასება რამდენიმე ასეულ მილიონ დოლარს შეადგენს. ბესენტის ქონების უდიდესი ნაწილი Key Square Group-ზე მოდის, რომელიც რამდენიმე მილიარდი დოლარის აქტივებს მართავს.

თავდაცვის მდივანი — პიტ ჰეგსეტი

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს ეროვნული გვარდიის ყოფილი წევრი, ერაყის და ავღანეთის ომების ვეტერანი და რამდენიმე სახელმწიფო სამხედრო ჯილდოს მფლობელი პიტ ჰეგსეტი ჩაიბარებს. სამხედრო კარიერის გარდა, ჰეგსეტი განსაკუთრებული განათლებითაც გამოირჩევა, რადგან ის მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების, “პრინსტონის” და “ჰარვარდის” კურსდამთავრებულია, სადაც საჯარო პოლიტიკას სწავლობდა. სამხედრო სამსახურის მოხდის შემდეგ, ჰეგსეტმა არასამთავრობო სექტორში გადაინაცვლა, სადაც ვეტერანების უფლებების დაცვის მიმართულებით მუშაობდა. მოგვიანებით, ჰეგსეტი Fox News-ში გადავიდა და ტელევიზიის დახმარებით სამხედრო თემატიკის ერთ-ერთი მოწინავე და პოპულარულ კონსერვატორ ანალიტიკოსად იქცა ქვეყანაში.

მთავარი პროკურორი — პემ ბონდი

აშშ-ის მთავარი გამომძიებლის პოსტზე არჩეულმა პრეზიდენტმა ყოფილი პირადი ადვოკატი, პემ ბონდი წარადგინა, რომელიც ერთ-ერთი იყო იმ რამდენიმე ადამიანს შორის, რომლებიც დონალდ ტრამპს საპრეზიდენტო იმპიჩმენტის საქმეში იცავდნენ. პემ ბონდი გამოცდილი იურისტია, რომელიც რვა წლის განმავლობაში ფლორიდის მთავარი პროკურორი იყო, რა დროსაც ადამიანებით ვაჭრობის, ოპიოიდური მედიკამენტების და ფედერალური ჯანდაცვის საკითხებს იძიებდა. პემ ბონდი კონსერვატორული შეხედულებებით გამოირჩევა და დონალდ ტრამპის ამერიკაცენტრული პოლიტიკის პოსტულატებს იზიარებს. აშშ-ის მომავალ მთავარ პროკურორს პრეზიდენტის სრული ნდობაც აქვს.

ჯანდაცვის და სოციალური სერვისების მდივანი — რობერტ კენედი უმცროსი

აშშ-ის ჯანდაცვის სისტემის ხელმძღვანელად დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი კანდიდატი და ქვეყნის ყოფილი სენატორის და მთავარი პროკურორის, რობერტ (ბობი) კენედის შვილი, რობერტ კენედი უმცროსი დანიშნა. გავლენიანი ამერიკული პოლიტიკური დინასტიის შთამომავალი განათლებით იურისტია და პროფესიული კარიერის დიდი ნაწილი გარემოსდაცვით საკითხებს დაუთმო. ბოლო წლებში, რობერტ კენედი უმცროსმა ჯანდაცვის მიმართულებით გადაინაცვლა და ვაქცინების უსაფრთხოებაზე და საჯარო ჯანდაცვის ნაკლოვანებებზე საუბრით კონსერვატორულ წრეებში პოპულარობა მოიპოვა.

ეროვნული უსაფრთხოების მდივანი — კრისტი ნოემი

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელად დონალდ დრამპმა სამხრეთ დაკოტის ყოფილი კონგრესვუმენი და გუბერნატორი, კრისტი ნოემი წარადგინა. ის გამოცდილი პოლიტიკოსია, რომელსაც საკუთარ შტატში მნიშვნელოვანი რეფორმები გაუტარებია, როგორც სახელმწიფო გადასახადების შემცირების, ასევე სამუშაო ადგილების შექმნის მიმართულებით. თუმცა საქვეყნოდ კრისტი ნოემმა სახელი პანდემიის დროს გაითქვა, როცა პირბადეების სავალდებულო წესით მოთხოვნის და ბიზნესების დახურვის ნაცვლად, სამხრეთ დაკოტაში მეტად თავისუფალი მიდგომა აირჩია. მდივნის როლზე ნოემი სწორედ პანდემიის დროს გადადგმული ნაბიჯების გამო დაინიშნა, რადგან ამ თანამდებობაზე მას დონალდ ტრამპის მკაცრი მიგრაციული პოლიტიკის აღსრულება დაევალება.

განათლების მდივანი — ლინდა მაკმაჰონი

აშშ-ის განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელად დონალდ ტრამპმა გამოცდილი ბიზნესვუმენი, ლინდა მაკმაჰონი წარადგინა. ლინდა და მისი მეუღლე, ვინს მაკმაჰონი რესტლინგის მსოფლიოს უდიდესი და ყველაზე პოპულარული ორგანიზაციის, WWE-ის მფლობელები არიან. მაკმაჰონების მენეჯმენტის ფარგლებში, იმ დროს რეგიონული დონის კომპანია წამყვან გლობალურ მოთამაშედ იქცა. მოგვიანებით, ლინდა მაკმაჰონმა პოლიტიკაში გადაინაცვლა, მაგრამ საჯარო თანამდებობა ვერ მოიპოვა და სხვა, შედარებით ვიწროპარტიული პროექტებით დასაქმდა. პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს, დონალდ ტრამპმა ის მცირე ბიზნესის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად დანიშნა. ახლა კი, ლინდა მაკმაჰონი განათლების მდივნის მანდატს ჩაიბარებს და ამერიკის განათლების სისტემაში დღეს არსებულ გამოწვევებს შეეჭიდება.

ვაჭრობის მდივანი — ჰოვარდ ლუტნიკი

აშშ-ის ვაჭრობის მდივნად დონალდ ტრამპმა ის ადამიანი წარადგინა, რომელიც, ბოლო წლებში, მის მაჯვენა ხელად იქცა. ეს ადამიანი Cantor Fitzgerald-ის გენერალური დირექტორი, მილიარდერი ჰოვარდ ლუტნიკია, რომელიც არჩეულ პრეზიდენტს სამთავრობო კაბინეტის ფორმირებაში ეხმარება. გლობალურ ბიზნესში და ინვესტიციებში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალის გარდა, ჰოვარდ ლუტნიკი ცნობილი ფილანტროპიცაა. 2001 წლის 9 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმის დროს, Cantor Fitzgerald-ის სათავო ოფისი სწორედ იმ ცათამბჯენში იყო, რომელზედაც იერიში მიიტანეს, რასაც კომპანიის 658 თანამშრომელი ემსხვერპლა. მას შემდეგ, ლუტნიკმა საქველმოქმედო ფონდი ჩამოაყალიბა, რომელმაც გარდაცვლილი ადამიანების ოჯახების კომპენსირებაში დიდი წვლილი მიუძღვის. კრიზისული მენეჯმენტი ის თვისებაა, რომელმაც ჰოვარდ ლუტნიკს ვაჭრობის მდივნის თანამდებობა მოუტანა, რომლის ფარგლებში ის სავაჭრო ტარიფებზე და ტექნოლოგიურ სანქციებზე იმუშავებს.

ენერგეტიკის მდივანი — ჰაროლდ ჰემი

აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტს ამ სფეროს ერთ-ერთი ექსპერტი, მილიარდერი ჰაროლდ ჰემი უხელმძღვანელებს. 78 წლის ჰაროლდ ჰემი დონალდ ტრამპის თანატოლია და მის სამთავრობო კაბინეტში ერთ-ერთი ყველაზე ასაკიანი აღმასრულებელი იქნება. ჰაროლდ ჰემის პროფესიული კარიერა, ისევე, როგორც მისი პირადი სიმდიდრე ამერიკულ ნავთობმომპოვებელ კომპანია Shelly Dean Oil Company-ის უკავშირდება, რომელიც ბიზნესმენმა 21 წლის ასაკში დააფუძნა. დროთა განმავლობაში, ბიზნესი გაიზარდა და რამდენიმე ათეულ მილიარდ დოლარად შეფასებულ Continental Resources-ად ჩამოყალიბდა. გამომდინარე იქიდან, რომ ჰაროლდ ჰემის მთელი ცხოვრება ნავთობის მოპოვებას უკავშირდება, რაც დონალდ ტრამპის ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირებაა, მილიარდერები ამ მიმართულებით ტანდემში იმუშავებენ და ნავთობის ადგილობრივ წარმოებას მნიშვნელოვნად გაზრდიან. ამ გზით, დონალდ ტრამპს საერთაშორისო ბაზრებზე კონტროლის გაზრდა და ამერიკისთვის ენერგოდამოუკიდებლობის მოპოვება ესახება.

ტრანსპორტის მდივანი — შონ დაფი

აშშ-ის ტრანსპორტის დეპარტამენტს ვისკონსინის ყოფილი კონგრესმენი, შონ დაფი უხელმძღვანელებს. თუმცა, რაც უნდა უცნაური იყოს, ამ ადამიანის ცნობადობის დიდი ნაწილი უკავშირდება არა მის პოლიტიკურ კარიერას, რომელიც, სხვათა შორის, ვისკონსინის ერთ-ერთი ოლქის პროკურორობასაც მოიცავს, არამედ 1990-იან წლებში, MTV-ზე გასულ გასართობ გადაცემას უკავშირდება, რომელშიც შონ დაფი ერთ-ერთი წამყვანი პერსონა იყო. პროფესიული ცხოვრების დასაწყისში დაწყებულ სატელევიზიო კარიერას შონ დაფი ბოლო წლებშიც მოუბრუნდა, როცა Fox News-ის ტელეწამყვანად დასაქმდა. თუკი საკანონმდებლო ორგანო შონ დაფის ტრანსპორტის მდივნად დანიშნავს, ის ქვეყანაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს და სატრანსპორტო განვითარების პოლიტიკას უხელმძღვანელებს.

სოფლის მეურნეობის მდივანი — სონი პერდიუ

აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტს ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი შტატის, ჯორჯიის ყოფილი გუბერნატორი, სონი პერდიუ უხელმძღვანელებს, რომელიც ამ თანამდებობას დონალდ ტრამპის პირველი საპრეზიდენტო ვადის დროსაც იკავებდა. სონი პერდიუ პროფესიით და ოჯახით ფერმერია, ანუ მთელი ცხოვრება სწორედ სოფლის მეურნეობაში აქვს გატარებული, რამაც მისი სამომავლო პოლიტიკური ტრაექტორია განსაზღვრა. სონი პერდიუს ერთ-ერთი მთავარი მიღწევა 2008 წლის ფინანსური კრიზისის დროს ჯორჯიის ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება და ბიუჯეტის ფისკალური მდგრადობის უზრუნველყოფა იყო. თუკი სონი პერდიუ სოფლის მეურნეობის მდივნად მეორედ დაინიშნება, ის წინა მმართველობის დროს დაწყებულ საქმეებს გააგრძელებს და სოფლების განვითარებაზე, ვაჭრობის წახალისებაზე და მიწოდების ჯაჭვების აღდგენაზე იმუშავებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები