მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი მილიარდის ქონებას ფლობენ ტრამპის რჩეული მინისტრები?

დონალდ ტრამპი

სამთავრობო ადმინისტრაცია, რომლის დაკომპლექტებას დონალდ ტრამპი მეორე საპრეზიდენტო ვადისთვის გეგმავს, ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში ყველაზე მდიდარი იქნება. თავად ამ ფაქტს კი ის განაპირობებს, რომ დონალდ ტრამპი, რომელიც თავადაც მილიარდერია და Bloomberg-ის მონაცემებით $6.5 მილიარდის ქონებას ფლობს, კერძო სექტორში მრავალწლიანი მენეჯერული გამოცდილების მქონე ადამიანებს უფრო ენდობა, ვიდრე ბიუროკრატებს. ამიტომაცაა, რომ სამთავრობო დეპარტამენტების, ანუ სამინისტროების ხელმძღვანელებად, ისევე, როგორც სხვადასხვა სააგენტოს სათავეში მილიარდერებს და მილიონერებს ვხვდებით.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულ პრეზიდენტს ბიუროკრატია იმდენად არ მოსწონს, რომ ის ფედერალური მთავრობის დანახარჯების შესასწავლად ახალი უწყების შექმნას აანონსებს. საპრეზიდენტო ფიცის დადების შემდეგ, დონალდ ტრამპი “სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტს” შექმნის, რომელსაც მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, ილონ მასკი და ამერიკელი მილიარდერი, ვივეკ რამასვამი უხელმძღვანელებენ. ახლად შექმნილი უწყების მიზანი აშშ-ის ფედერალური ბიუროკრატიის ეფექტიანობის გაზრდა და $6.5-ტრილიონიანი სამთავრობო ბიუჯეტის მკვეთრად შემცირება იქნება. ეს პროექტი დონალდ ტრამპის ნოუჰაუა, რომელსაც ის 1940-იანი წლების “მანჰეტენის პროექტს” ადარებს.

ადამიანები, რომელთაც დონალდ ტრამპი “სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის” ხელმძღვანელებად დანიშნავს, მის რჩეულებს შორის განსაკუთრებული სიმდიდრით გამოირჩევიან. ილონ მასკი, რომელიც Tesla-ს, SpaceX-ის, X-ის და კიდევ არაერთი სხვა კომპანიის აქციონერია, $376 მილიარდის ქონებას ფლობს. DOGE-ის საქმეებში ილონ მასკის მარჯვენა ხელი, ანტრეპრენიორი ვივეკ რამასვამი, მართალია, ქონების შეფასებით ტექნოლოგიურ მაგნატთან ახლოს ვერ მიდის, მაგრამ ისიც უკიდეგანოდ მდიდარია და Forbes-ის დათვლებით $1 მილიარდის ქონებას ფლობს.

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის შემდეგ, მის სამთავრობო კაბინეტში ყველაზე მდიდარი ადამიანი განათლების მომავალი მდივანი, ლინდა მაკმაჰონი იქნება. ლინდა და მისი მეუღლე, ვინს მაკმაჰონი რესტლინგის მსოფლიოს უდიდესი და ყველაზე პოპულარული ორგანიზაციის, WWE-ის მფლობელები არიან და Forbes-ის დათვლებით $3-მილიარდიან ქონებას იყოფენ. მაკმაჰონების მენეჯმენტის ფარგლებში, იმ დროს რეგიონული დონის კომპანია წამყვან გლობალურ მოთამაშედ იქცა. მოგვიანებით, ლინდა მაკმაჰონმა პოლიტიკაში გადაინაცვლა. პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს, დონალდ ტრამპმა ის მცირე ბიზნესის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად დანიშნა, ხოლო მიმდინარე წელს — განათლების მდივნად.

საკმაოდ დიდი, კერძოდ $1.5-მილიარდიანი ქონების მფლობელია აშშ-ის მომავალი ვაჭრობის მდივანი, ჰოვარდ ლუტნიკი, რომელიც, ამავდროულად დონალდ ტრამპის მარჯვენა ხელიცაა. ჰოვარდ ლუტნიკი დიდი ამერიკული ჰეჯფონდის, Cantor Fitzgerald-ის გენერალური დირექტორია, ხოლო თავად ეს ფონდი რამდენიმე მილიარდის ღირებულების აქტივებს მართავს. გლობალურ ბიზნესში და ინვესტიციებში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალის გარდა, ჰოვარდ ლუტნიკი ცნობილი ფილანტროპიცაა, მაგრამ მთავარი უნარი, რომელმაც ჰოვარდ ლუტნიკს ვაჭრობის მდივნის თანამდებობა მოუტანა — კრიზისული მენეჯმენტია. ვაჭრობის მდივნის ამპლუაში ლუტნიკი, უმეტესწილად, სავაჭრო ტარიფებზე და ტექნოლოგიურ სანქციებზე იმუშავებს.

დონალდ ტრამპის სამთავრობო კაბინეტში კიდევ ერთ მილიარდერს ვხვდებით, რომელიც აშშ-ის ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტს ჩაიბარებს. ეს ადამიანი დაგ ბერგამია, რომლის ქონებას ამერიკული გამოცემა AXIOS-ი $1.1 მილიარდად აფასებს. სამთავრობო კაბინეტში შესაძლო გადაბარგებამდე, დაგ ბერგამი სილიკონის ველზე მუშაობდა, მოგვიანებით კი ჩრდილოეთ დაკოტას გუბერნატორი გახდა, რესპუბლიკური პარტიიდან. ჩრდილოეთ დაკოტა, როგორც ცნობილია, ნავთობისა და გაზის წარმოებით აშშ-ში მესამე ადგილს იკავებს, რაც სრულ თანხვედრაში მოდის დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო დაპირებასთან, რომელიც ქვეყანაში ბუნებრივი წიაღისეულის მოპოვების გაზრდას უკავშირდება.

აშშ-ის მომავალ სამთავრობო კაბინეტში კიდევ ერთ მდიდარ ადამიანს ვხვდებით, მაგრამ მისი ქონების ზუსტი შეფასება არავინ იცის. ეს ადამიანი სკოტ ბესენტია, რომელიც აშშ-ის ერთ-ერთ მთავარ დეპარტამენტს, სახელმწიფო ხაზინას ჩაიბარებს. სკოტ ბესენტი ამერიკული ჰეჯფონდის, Key Square Capital Management-ის დამფუძნებელია. როგორც დონალდ ტრამპი ამბობს, მისი რჩეული მსოფლიოში აღიარებული საერთაშორისო ინვესტორი და გეოპოლიტიკის და ეკონომიკის მიმართულებით ავტორიტეტული და გავლენიანი სტრატეგია, რომლის დახმარებით დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია შეერთებული შტატების აღორძინებას დაუდებს სათავეს. 62 წლის ბესენტი 35-წლიანი გამოცდილების მქონე მენეჯერია, რომლის ქონების შეფასება რამდენიმე ასეულ მილიონ დოლარს შეადგენს.

დონალდ ტრამპის რჩეულებს შორის კიდევ ერთი საინტერესო ფიგურა ახალგაზრდა ანტრეპრენიორი, ჯარედ აიზეკმენია, რომელიც, სავარაუდოდ, აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს ხელმძღვანელად დაინიშნება. NASA, მოგეხსენებათ, არის სააგენტო და არა სამინისტრო, მაგრამ მისი $25-მილიარდიანი ბიუჯეტიდან და სიმბოლური თუ რეალური გავლენიდან გამომდინარე, კოსმოსური სააგენტოს ხელმძღვანელობა ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო როლია, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებობს. ჯარედ აიზეკმენის $1.7-მილიარდიანი ქონების უდიდესი ნაწილი ციფრული გადახდების კომპანია Shift4 Payments-ზე მოდის, მაგრამ საზოგადოება მას ასტრონავტის ამპლუაში იცნობს. სწორედ ჯარედ აიზეკმენი იყო ის პირველი არაპროფესიონალი ასტრონავტი, რომელიც ღია კოსმოსში გავიდა.

დონალდ ტრამპის რჩეულების უკიდეგანო სიმდიდრეზე დაკვირვებით ცხადი ხდება, რომ სამთავრობო ადმინისტრაცია, რომლის დაკომპლექტებას არჩეული პრეზიდენტი მეორე საპრეზიდენტო ვადისთვის გეგმავს, ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში ყველაზე მდიდარი იქნება. თუკი დონალდ ტრამპის ამ დროისთვის ცნობილი ყველა კანდიდატის ქონებას დავაჯამებთ, დაახლოებით $390 მილიარდს მივიღებთ. შედარებისთვის გეტყვით, რომ ეს თანხა გაცილებით მეტია, ვიდრე ირანის, პაკისტანის და ჰონგ-კონგის მთლიანი შიდა პროდუქტი. თუკი ჩამონათვალს ილონ მასკს და ვივეკ რამასვამის გამოვაკლებთ, რომლებიც, რეალურად, მინისტრები არ იქნებიან, დაახლოებით $13 მილიარდი დაგვრჩება, რაც დაახლოებით ჩრდილოეთ მაკედონიის ან ნაიჯერის ეკონომიკის მოცულობას უდრის.

შედარებისთვის გეტყვით, რომ ამ დრომდე, მდივნების ქონების შეფასებით რეკორდი — $6.2 მილიარდი — დონალდ ტრამპის პირველ ადმინისტრაციას ეკუთვნის. მანამდე, რეკორდის მფლობელი ბარაკ ობამას მეორე სამთავრობო კაბინეტი იყო, რომლის შეფასებამ $2.8 მილიარდი შეადგინა. საპირწონედ ამისა, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ქონების ჯამური შეფასება, სულ რაღაც, $118 მილიონის ტოლი იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები