ამერიკის შეერთებული შტატების პროკურატურა ფედერალურ სასამართლოს მიმართავს მოთხოვნით, კრიპტოინდუსტრიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური თაღლითური სქემის ორგანიზატორს და გაკოტრებული FTX-ის დამფუძნებელს, სემ ბენკმენ-ფრიდს თავისუფლების აღკვეთა 50 წლის ვადით მიესაჯოს.
პროკურატურის მოთხოვნით, მილიონობით მომხმარებლისთვის ზიანის მიყენების გამო, სიცოცხლის ბოლომდე ციხეში ყოფნის გარდა, ბენკმენ-ფრიდის კომპანიას მრავალმილიარდიანი ჯარიმა უნდა დაეკისროს. ბენკმენ-ფრიდის ადვოკატი პროკურატურის ამ მოთხოვნას გროტესკულს და უსამართლოს უწოდებს, რადგან ფინანსური დანაშაულის გამო, ადამიანი სამუდამო პატიმრობით არ უნდა ისჯებოდეს.
დაცვის მხარის განცხადებით, FTX-ის დამფუძნებელს პატიმრობა 6.5 წლის ვადით უნდა მიესაჯოს, რადგან ფინანსური დანაშაული ამერიკის კანონმდებლობით სწორედ ასე ისჯება და არც 50-წლიანი თავისუფლების აღკვეთით.
ცნობისთვის გეტყვით, რომ კრიპტობირჟა FTX-ის დამფუძნებელს ბრალად ედება თითქმის ყველაფერი, რაც ფინანსურ დანაშაულს უკავშირდება - ფულის გათეთრებით დაწყებული, თაღლითობით და ინვესტორების აქტივების მიტაცებით დამთავრებული.
ბენკმენ-ფრიდმა ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური თაღლითური პროექტი, FTX შექმნა, რომელიც ერთ დროს ყველაზე სწრაფად მზარდი კრიპტობირჟა იყო.
ეგვიპტის პირამიდებისგან განსხვავებით, ფინანსურ პირამიდებს დიდ ხანს სიცოცხლე არ უწერიათ და 2022 წელს FTX-მაც კოლაფსი განიცადა, რის შედეგად ინვესტორებმა დაახლოებით 65 მილიარდი დოლარის აქტივები დაკარგეს. FTX-ის მიერ ინდუსტრიაზე მიყენებული არაპირდაპირი ზარალის მოცულობა კი $200 მილიარდს აღწევს, რაც ბენკმენ-ფრიდს კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ თაღლითად აქცევს.