აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) პოლიტიკის მთავარი ოფიცერი, ქეროლაინ ვიკი დელეგაციასთან ერთად თბილისს ეწვია. ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.
ვიზიტის ფარგლებში, DFC-ის დელეგაცია შეხვედრებს მართავს საქართველოს ეკონომიკის მინისტრსა და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, სადაც მხარეები ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის ახალ შესაძლებლობებსა და სამომავლო თანამშრომლობაზე მსჯელობენ.
"მოხარულნი ვიყავით, გვემასპინძლა ქეროლაინ ვიკისთვის აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) პოლიტიკის მთავარი ოფიცრისთვის. ტურის ფარგლებში, ქეროლაინ ვიკი ხელმძღვანელობს დელეგაციას თბილისში, ეკონომიკის მინისტრსა და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრებზე, ეკონომიკური ზრდის შესაძლებლობების განსახილველად.
DFC წარმოადგენს აშშ-ის მთავრობის საერთაშორისო საინვესტიციო შტოს. მისი საქმიანობა საქართველოში ფოკუსირებულია პორტებზე, ინფრასტრუქტურასა და „შუა დერეფნის“ ინვესტიციებზე. წლების განმავლობაში, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციამ საქართველოში 800 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა სხვადასხვა სექტორში, მათ შორის ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობისა და ფინანსური მომსახურების სფეროებში", - წერია აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
























