მიუხედავად იმისა, რომ ვლადიმერ პუტინის მოლაპარაკებებს ერდოღანთან მნიშვნელოვანი ცვლილებები არ მოჰყოლია, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მიესალმება თურქეთის მცდელობებს „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენასთან დაკავშირებით.
ინფორმაციას CNN ავრცელებს.
„მივესალმებით თურქეთისა და სხვა ქვეყნების ძალისხმევას, დაარწმუნონ რუსეთი, რომ შეთანხმებას დაუბრუნდეს. ვთანამშრომლობთ გაერო-სთან და თურქეთთან, რომლებიც მუშაობდნენ იმისთვის, რომ შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა შესაძლებელი და ეფექტური ყოფილიყო“, – აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.
შეგახსენებთ, რომ 4 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი და თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი სოჭში შეხვდნენ. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ერდოღანთან მოლაპარაკების შემდეგ განაცხადა, რომ „შავი ზღვის მარცვლეულის დერეფნის აღდგენა მხოლოდ რუსული სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტზე შეზღუდვების მოხსნის შემდეგ იქნება შესაძლებელი“.