ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალურმა სასამართლომ უმსხვილესი კრიპტობირჟის, Binance-ის დამფუძნებელს, ჩანგპენგ ჟაოს საქმის დასრულებამდე ქვეყნის დატოვება აუკრძალა.
სასამართლოს განმარტებით, ჟაოს წინააღმდეგ დავა ჯერაც არ დასრულებულა და პროკურატურა მას ისეთ კანონდარღვევაში ადანაშაულებს, რომელიც თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ამიტომაც 23 თებერვლამდე ის ამერიკაში უნდა დარჩეს.
ცნობისთვის გეტყვით, რომ ჟაო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ცხოვრობს, ამ სახელმწიფოსთან კი ამერიკას ექსტრადიციის შეთანხმება არ აქვს, ანუ მისი საამიროებში ყოფნის პერიოდში გამტყუნების შემთხვევაში, არსებობს იმის რისკი, რომ ჟაომ მართლმსაჯულებას თავი აარიდოს და სასჯელის მოსახდელად ამერიკაში არ დაბრუნდეს.
პროკურატურის განმარტებით, ჟაოს ბრალად ედება საბანკო საიდუმლოების გათქმა და ფინანსური კანონმდებლობის დარღვევა. გარდა ამისა, მის მიერ დაფუძნებული კომპანია საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებოდა ტერორისტული ორგანიზაციების წევრებს, რაც მძიმე დანაშაულია.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას Binance-ს 4 მილიარდ 300 მილიონი დოლარის მოცულობის ჯარიმის გადახდა დაეკისრა. კომპანიის დამფუძნებელს, ჩანგპენგ ჟაოს კი აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობის დატოვა მოუწია.
ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებით, Binance-ს ბრალად ედება: ფულის გათეთრება, არალეგალური ტრანზაქციების გატარება, საერთაშორისო სანქციების დარღვევა და ულიცენზიოდ ოპერირება. ბრალდებები საკმაოდ მძიმეა და კომპანიის ხელმძღვანელობა საკუთარ დანაშაულსაც აღიარებს, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ Binance-ს ბაზრის მანიპულირებაში, თაღლითობასა და მომხმარებლების აქტივების მიტაცებაში ბრალი არ უმტკიცდება, რაც იმას ნიშნავს, რომ კრიპტობირჟის საქმიანობით კლიენტებს ზარალი არ მიუღიათ.
გარდა ამისა, მარეგულირებელი ორგანო Binance-ში სპეციალურ საზედამხედველო დეპარტამენტს შექმნის, რომელიც დამოუკიდებლად უზრუნველყოფს კრიპტობირჟის საქმიანობის მონიტორინგს. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ამერიკის ფინანსური სამსახურის წარმომადგენლები Binance-ის ოფისში 24 საათის განმავლობაში იქნებიან.
კონტროლის ასეთი მკაცრი მექანიზმის დაწესება იმიტომ გახდა აუცილებელი, რომ Binance-ი გლობალურ კრიპტობაზრის თითქმის 80%-ს აკონტროლებს და მას ინდუსტრიაზე კოლოსალური გავლენა აქვს.