მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის სავალო ლიმიტი უნდა გაიზარდოს, წინააღმდეგ შემთხვევაში დეფოლტი მოგვიწევს - ჯანეტ იელენი

6450dfc25812c
გიორგი თოლორდავა
03.05.23 00:40
1600
31 ტრილიონ 400 მილიარდი დოლარი - ეს ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური ბიუჯეტით განსაზღვრული ვალის ჭერია, რომელსაც ქვეყანამ იანვარში უკვე გადააჭარბა. აღნიშნული მოვლენა იმაზე მიუთითებს, რომ სავალო ზღვარი გადალახულია, ანუ ამერიკის მთავრობას დამატებითი ვალის აღების უფლება არ აქვს, ამის გარეშე კი ვალდებულებების გასტუმრება შეუძლებელი იქნება და სუპერსახელმწიფოს თავისი არსებობის ისტორიაში პირველად მოუწევს ობლიგაციებზე დეფოლტის გამოცხადება.

ამერიკის დეფოლტი ეკონომიკურ არმაგედონად ითვლება, რომელსაც ზუსტად ერთ წამში შეუძლია თანამედროვე საფინანსო სისტემის ჩამოშლა და მსოფლიოს მასშტაბით უმწვავესი ეკონომიკური კრიზისის დაწყება. ბუნებრივია, ამ სცენარის განვითარება ამერიკელი კანონმდებლების ინტერესში არ შედის და ამას ისინი არც დაუშვებენ, თუმცა კონგრესში ისევ მიმდინარეობს მწვავე დებატები სავალო ჭერის გაზრდისა და მთავრობის ხარჯების შემცირების შესახებ.

რესპუბლიკელი კონგრესმენები მოითხოვენ, რომ მომდევნო ათი წლის განმავლობაში ამერიკის სამთავრობო ხარჯები 4 ტრილიონი დოლარით შემცირდეს, ამ პოზიციას კი დემოკრატები არ იზიარებენ და ამტკიცებენ, რომ სოციალურ პროგრამებსა და ჯანდაცვაზე ხარჯები უნდა გაიზარდოს. საბიუჯეტო ჭერი იქამდე არ გაიზრდება, სანამ ეს ორი მხარე პოლიტიკური კონსენსუსს არ მიაღწევს, დროის ამოწურვამდე კი სულ რამდენიმე კვირა რჩება, რის შემდეგაც ის მოხდება, რაც არცერთ ამერიკელ პრეზიდენტს კოშმარშიც კი არ უნახავს.

ზოგადად, სავალო ლიმიტის გადახედვა ამერიკაში ტრადიციული მოვლენაა. 1960 წლიდან მოყოლებული ლიმიტი 78-ჯერ შეიცვალა და ყოველი მათგანი გარკვეულ პოლიტიკურ ვაჭრობასთან და უთანხმოებასთან იყო დაკავშირებული.

ვალის მოცულობის ზრდა, თავის მხრივ, საგანგაშო მოვლენა არ არის. ტრადიციულად, ამერიკის მთავრობა ყოველწლიურად იმაზე მეტ თანხას ხარჯავს, ვიდრე გამოიმუშავებს, დეფიციტს კი ვალით ავსებს, რომელსაც სახაზინო ობლიგაციების გამოშვებით იღებს. თუკი სავალო ლიმიტი არ გაიზრდება, ფედერალური ხაზინა ახალი ობლიგაციების გამოშვებას ვეღარ შეძლებს, რაც ქვეყანას დეფოლტამდე მიიყვანს.

აშშ-ის ხაზინის ხელმძღვანელის, ჯანეტ იელენის განცხადებით, სავალო ლიმიტი აუცილებლად უნდა გაიზარდოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანას ობლიგაციებზე დეფოლტის გამოცხადება მოუწევს, რაც კონგრესმა არავითარ შემთხვევაში არასოდეს არ უნდა დაუშვას.
 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები