პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ინიციატივით, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა კრიპტოინდუსტრიის წინააღმდეგ მიმართული რეგულაციების შემსუბუქება დაიწყო. ამჯერად საკანონმდებლო ორგანომ მხარი დაუჭირა იმ კანონის გაუქმებას, რომელიც კრიპტობირჟებს და დეცენტრალიზებულ სავაჭრო პლატფორმებს გატარებულ ტრანზაქციებთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურისათვის დეტალური ანგარიშის წარდგენას ავალდებულებდა.
ზემოხსენებული რეგულაცია პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ მმართველობის ბოლო პერიოდში მიიღო და ის გამჭვირვალობის ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურებოდა, თუმცა ინდუსტრიის წარმომადგენლების მხრიდან მან მწვავე კრიტიკა დაიმსახურა, რადგან რეგულაციის დაცვა ავტომატური DeFi-პლატფორმებისთვის ტექნიკურად შეუძლებელი იყო.
როგორც ინდუსტრიის წარმომადგენლები აღნიშნავენ, ამ რეგულაციის გაუქმება დეცენტრალიზებულ ეკოსისტემას მდგრადად განვითარების საშუალებას მისცემს, რაც ტრამპის ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება იყო.