შეერთებული შტატების სენატი, წარმომადგენელთა პალატაში “მეგობარი” აქტის შესაძლო ინიცირების პარალელურად, საქართველოსთან დაკავირებით, კანონპროექტის საკუთარ ვერსიას აინიცირებს. ინიციატორები სენატორი ჯინ შაჰინი და სენატორი ჯიმ რიში არიან.
"ამერიკის ხმის" ინფორმაციით, სენატორების, ჯინ შაჰინისა და ჯიმ რიშის მიერ შედგენილ პაკეტს - "ქართველი ხალხის აქტი" ეწოდება. მათივე ცნობით, კანონპროექტის ინიციირება სენატში ამ კვირაში მოხდება.
“ამერიკის ხმისთვის” გაზიარებული ინფორმაციით, სენატში ინიცირებულია კანონპროექტი, რომელსაც “ქართველი ხალხის აქტი” ეწოდება და ქმნის ჩარჩოს, რათა ქართველმა ინდივიდებმა, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან კორუფციაზე, ადამიანის უფლებების დარღვევასა და უცხოეთის აგენტების შესახებ კანონის დაწინაურებასა, ან მისი მიღების ხელშეწყობაზე პასუხი აგონ. კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს შეერთებული შტატების გრძელვადიან მხარდაჭერას ქართველი ხალხისადმი, რომლის აბსოლუტური უმრავლესობაც მხარს უჭერს ევროატლანტიკურ მომავალს”, - ნათქვამია სენატორების განცხადებაში.
“ამერიკის ხმისთვის” მიწოდებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ კანონმდებლობა ორ ნაწილს მოიცავს.
"მათ შორის, პირველი:
• განმარტავს შედეგებს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისა და პირებისთვის, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის ხელის შეშლაზე, მათ შორის:
- სახელმწიფო დეპარტამენტის დავალდებულებას, ქართველ პირებსა და მათი ოჯახის წევრებს სამოგზაურო შეზღუდვები დაუწესდეს, უცხოური აგენტების კანონის ხელშეწყობასა და მხარდაჭერაში მონაწილეობისთვის.
- ახალი სანქციების დაწესებას იმ პირებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საქართველოს სტაბილურობის, სუვერენიტეტისა ან ტერიტორიული მთლიანობისთვის ძირის გამოთხრაში და
- სახელმწიფო დეპარტამენტის დავალდებულებას, არსებული სანქციების ჩარჩო გავრცელდეს ქართველი ინდივიდების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ადამიანის უფლებების დარღვევასა და კორუფციაზე.
• სთხოვს სახელმწიფო დეპარტამენტს, საქართველოს მიმართ გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავებას, მათ შორის სამხედრო დახმარების გადახედვას და შეერთებული შტატების მთავრობის ყველა დაფინანსების შეჩერებას საქართველოს მთავრობისთვის, რომელიც მატერიალურ დახმარებას მოიცავს.
• აშშ-საქართველოს სტრატეგიული დიალოგის სამუდამოდ შეჩერების მოწოდებას",- ნათქვამია სენატორების მიერ კანონპროექტის სულსიკვეთების განმარტებით წერილში, რომელიც “ამერიკის ხმამ” იხილა.
სენატორების განცხადების მიხედვით, კანონპროექტის მეორე ნაწილი მოიცავს საქართველოსთან მომავალი თანამშრომლობის შეფასებას.
“მეორე ნაწილი:
• ხაზს უსვამს აშშ-ს სენატის ვალდებულებას მხარი დაუჭიროს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას, ბოლოდროინდელი მოვლენების გათვალისწინებით.
• გამოჰყოფს არანაკლებ 50 მილიონ აშშ დოლარს საქართველოში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის პროექტების მხარდასაჭერად.
• ავალდებულებს სახელმწიფო დეპარტამენტს და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) განსაზღვროს, თუ როგორ გააგრძელოს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა, ბოლო მოვლენების გათვალისწინებით.
• მოითხოვს ორი ანგარიშის შედგენას, რათა შეფასდეს (1) უცხოური მავნე გავლენის მასშტაბი საქართველოში და (2) ძალისხმევა ქართველი პოლიტპატიმრების მხარდასაჭერად".
კანონპროექტის ინიცირება სენატში ამ კვირაში მოხდება. მასზე საუბრისას, სენატორმა ჯინ შაჰინმა (დემოკრატი ნიუ-ჰემფშირიდან) და სენატორმა ჯიმ რიშმა (რესპუბლიკელი აიდაჰოდან) განაცხადეს, რომ კანონპროექტის მიზანი იმ პირების დასჯაა, რომლებიც საქართველოს პოლიტიკური კურსის ცვლილებაზე არიან პასუხისმგებელი და ამავდროულად, ქართველი ხალხისადმი მხარდაჭერის გამოხატვაა.
„როგორც საქართველოსა და მისი ევროატლანტიკური ინტეგრაციის დიდი ხნის მხარდამჭერი, ღრმად შეშფოთებული და იმედგაცრუებული ვარ უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტის მიღებით და ქვეყანაში პოლიტიკური მიმართულების სწრაფი ცვლილებებით, რაც ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის სურვილებს“, - თქვა შაჰინმა. „კანონმდებლობა, რომელსაც მე და სენატორი რიში წარვადგენთ, აწესებს სერიოზულ ზომებს საქართველოში იმ პირებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ამ პოლიტიკის ცვლილებაზე და გადახედავს აშშ-ის დახმარებას ქვეყნისთვის, ის ასევე ნათლად უსვამს ხაზს ჩვენს ურყევ ერთგულებას ქართველი ხალხის, სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიისკენ მიმართული ძალისხმევის მიმართ”, - თქვა მან.
სენატორი რიში აცხადებს, რომ ე.წ. უცხოური აგენტების კანონი, ქვეყანას რუსეთისკენ შეაბრუნებს.
„შეერთებული შტატები დიდი ხანია მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიულ მისწრაფებებს. თუმცა, მე ძალიან შეშფოთებული ვარ უცხოელი აგენტების შესახებ კანონის შემზარავი ეფექტით საქართველოს სამოქალაქო ცხოვრებაზე. თუ საქართველოს მთავრობა გადაწყვეტს უარი თქვას თავისუფალი და დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობაზე, ის არ უნდა მოელოდეს ჩვენი მხარდაჭერის გაგრძელებას“, - განაცხადა რიშმა. „ცხადია, საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტურ უმრავლესობას სურს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება. პრეზიდენტის ვეტოს გადალახვა და უცხოური აგენტების კანონის გატანა საქართველოს რუსეთისკენ შეაბრუნებს", - ამბობს სენატორი რიში.
ქართული ოცნების მიერ ე.წ. "უცხოური აგენტების" კანონის განხილვისა და მიღების პარალელურად, ამერიკელმა სენატორებმა და კონგრესმენებმა რამდენიმე წერილი გამოაქვეყნეს, სადაც საქართველოს ხელისუფლებას კანონის გაწვევისკენ მოუწოდებდნენ.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით კი, წარმომადგენელთა პალატაში, სენატის მსგავსად, კონგრესმენმა ჯო უილსონმა კანონპროექტი MEGOBARI უნდა წარადგინოს, სადაც ე.წ "უცოხეთის აგენტების" კანონის მიღების გამო, საქართველოს ხელისუფლების წევრებს შესაძლოა სანქციები დაუწესდეთ. თუმცა, საგარეო კურსის ცვლილების შემთხვევაში, საქართველომ შესაძლოა ისეთი წახალისება მიიღოს ამერიკისგან, როგორიცაა უვიზო მიმოსვლა, დამატებითი სამხედრო დახმარება ა.შ. კანონპროექტი ჯერ წარდგენილი არაა, თუმცა კონგრესმენი უილსონი ადასტურებს, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია მართებულია.