მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აშშ-ის შესაძლო სახმელეთო ოპერაციის ფონზე ირანმა ხარგის კუნძულის გამაგრება დაიწყო

ირანი

ირანმა სპარსეთის ყურეში მდებარე ქვეყნის უმთავრესი ნავთობსაექსპორტო ობიექტი, ხარგის კუნძული გაძლიერებულ თავდაცვით რეჟიმზე გადაიყვანა.

CNN-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თეირანმა კუნძულზე დამატებითი მობილური სარაკეტო სისტემები განათავსა და სანაპირო ზოლის გასწვრივ ქვეითსაწინააღმდეგო და ჯავშანსაწინააღმდეგო ნაღმების ფართომასშტაბიანი განლაგება დაიწყო.

როგორც ირკვევა, აღნიშნული ზომებით ირანი ვაშინგტონიდან მომავალი იმ საფრთხის შემცირებას ცდილობს, რასაც კუნძულის დაკავების მიზნით სახმელეთო ოპერაციის დაწყება ჰქვია. ცნობისთვის, ამ სცენარს ტრამპის ადმინისტრაცია უკვე აქტიურად განიხილავს. გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის სტრატეგიული გათვლაა, რომ თუ ხარგის კუნძულზე კონტროლის მოიპოვებს, შემდგომ თეირანს ჰორმუზის სრუტის განბლოკვას აიძულებს.

ცნობისთვის, ხარგის კუნძული ირანის ეკონომიკური სიცოცხლისუნარიანობისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან ქვეყნის ნედლი ნავთობის ექსპორტის თითქმის 90% სწორედ ამ ტერმინალზე მოდის. სამხედრო ანალიტიკოსები, მათ შორის გადამდგარი ადმირალი ჯეიმს სტავრიდისი, აშშ-ს მოსალოდნელი სახმელეთო იერიშის მაღალ რისკებზე საუბრობს. მისი შეფასებით, ირანული ძალები კუნძულის დასაცავად „დაუნდობელ“ მეთოდებს გამოიყენებენ, რათა ამერიკულმა ქვედანაყოფებმა მაქსიმალური დანაკარგი განიცადონ. ხარგის კუნძულის გამაგრებას ირანის პარლამენტის სპიკერი, მოჰამედ ბაღერ ღალიბაფი უკვე გამოეხმაურა და შტატები მკაცრად გააფრთხილა. მისი თქმით, ირანული ტერიტორიის ოკუპაციის ნებისმიერი მცდელობა იმ ქვეყნების ინფრასტრუქტურის დაბომბვით დასრულდება, რომლებიც აშშ-ს მხარს დაუჭერენ. ამ შემთხვევაში, განსაკუთრებული ყურადღება სპარსეთის ყურის არაბულ ქვეყნებზე მახვილდება.

ცნობისთვის, ხარგის კუნძული, რომელიც კონტინენტური ირანიდან 30 კილომეტრში მდებარეობს, საჰაერო დარტყმების მთავარი სამიზნე ჯერ არ გამხდარა. როგორც ირკვევა, ამ ნაბიჯს შტატები თავს იმ მიზეზით არიდებს, რომ მას გლობალურ ენერგობაზარზე კატასტროფული შოკის თავიდან აცილება სურს. თუმცა, სავარაუდოა, რომ აშშ კუნძულს მიზანში აუცილებლად ამოიღებს, რადგან ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვამ და შტატების რეგიონული მოკავშირეების დაბომბვამ საერთაშორისო ენერგეტიკული კრიზისი გამოიწვია. ხარგის კუნძული კი პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, შესაძლოა, მოლაპარაკების საგნად და ზეწოლის ინსტრუმენტად გამოიყენოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები