მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის უძველესმა ბანკმა, BNY Mellon-მა კრიპტოვალუტების კასტოდიანური სერვისი დანერგა

63457c9af1dc4
გიორგი არონია
11.10.22 18:39
1299

ამერიკის შეერთებული შტატების უძველესმა ბანკმა, Bank of New York Mellon Corporation-მა, რომელიც აშშ-ის დამფუძნებელმა მამამ, ალექსანდერ ჰამილტონმა ჯერ კიდევ 1784 წელს დააფუძნა, კრიპტოვალუტების კასტოდიანური სერვისი დანერგა, - ამის შესახებ The Wall Street Journal-ი წერს. ამგვარად, BNY Mellon-ი პირველი მსხვილი ამერიკული ბანკი გახდა, რომელმაც ტრადიციული აქტივებთან ერთად, საკუთარ პლატფორმაზე ციფრული აქტივების შენახვის ფუნქციონალი დაამატა.

„მოხარული ვართ, რომ საფინანსო ინდუსტრიის განვითარებაში ჩვენი წვლილი შეგვაქვს“, - განაცხადა BNY Mellon-ის პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, რობინ ვინსმა.

აღსანიშნავია, რომ კასტოდიანური სერვისის დასანერგად საჭირო შესაბამისი ლიცენზია ქვეყნის უძველესმა ბანკმა მარეგულირებლისგან ამ შემოდგომას მიიღო. ლიცენზიის მიხედვით, BNY Mellon-ი ბიტკოინისა და ეთერის კასტოდიანური სერვისების შეთავაზებას ბანკის გარკვეული კლიენტებისთვის ამ კვირიდან შეძლებს. აღნიშნული სერვისის ფარგლებში, ბანკი კრიპტოვალუტების გადასარიცხად საჭირო გასაღებს შეინახავს და თან, მომხმარებლებს ტრადიციულ ბუღალტრულ სერვისებსაც შესთავაზებს.

არ შევცდებით თუ ვიტყვით, რომ BNY Mellon-ის ეს გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანი ნიშანსვეტია კრიპტოვალუტებისა და ტრადიციული საბანკო-საფინანსო სისტემის დაახლოების გზაზე. ამ პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თავად BNY Mellon-ის ჩართულობა, რადგან ის მსოფლიოს უდიდესი კასტოდიანური ბანკია. ამასთანავე, ის სისტემატურად მნიშვნელოვანი რვა ამერიკული ბანკიდან პირველია, რომელიც საკუთარ მომხმარებლებს ამგვარ სერვისს შესთავაზებს.

ცნობისთვის გეტყვით, რომ ამერიკის უძველესი ბანკის მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი არ არის, რადგან მათი მომხმარებელი საინვესტიციო კომპანიების საკუთრებაში არსებული ციფრული აქტივების შენახვის შესახებ ბანკმა ჯერ კიდევ 2021 წლის თებერვალში განაცხადა. როგორც ირკვევა, კრიპტოვალუტების შესანახად BNY Mellon-ი ციფრული აქტივების ერთ-ერთ საუკეთესო კასტოდიანთან, Fireblocks-თან ერთად შექმნილ პროგრამულ უზრუნველყოფას გამოიყენებს, ხოლო აქტივების წარმომავლობის დადგენაში, ბანკს Chainanalysis-ი დაეხმარება.

საინტერესოა, რომ BNY Mellon-ის მიერ დანერგილი ეს სიახლე შემთხვევითი არ არის, მეტიც - როგორც ბანკის მიერ შეკვეთილი კვლევიდან ვიგებთ, რომ კრიპტოვალუტებს ორას სამოცდათერთმეტი გამოკითხული ინსტიტუციური ინვესტორის 41% ფლობს. ამასთანავე, გამოკითხულთა 15% აღნიშნავს, რომ კრიპტოვალუტების შეძენას მომავალ ორიდან ხუთ წელიწადში გეგმავს.