ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის სახლს უცნობი პირი დაესხა თავს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია. ის ქვეყნის მეორე პირის ცინცინატში მდებარე რეზიდენციას თავს გამთენიისას დაესხა და რამდენიმე მინა ჩაამსხვრია.
გავრცელებული ცნობებით, ვიცე პრეზიდენტი და მისი ოჯახის არცერთი წევრი თავდასხმის დროს სახლში არ იმყოფებოდნენ, შესაბამისად, არავინ დაზარალებულა.
როგორც ამერიკული მედია იტყობინება, ეჭვმიტანილი ზრდასრული მამაკაცია, რომლის მიერ განხორციელებული თავდასხმის მოტივი კვლავ უცნობია. ის უსაფრთხოების სამსახურის აგენტებმა აიყვანეს და ოჰაიოში, ცინცინატის პოლიციის დეპარტამენტში გადაიყვანეს. როგორც ოფიციალურ სამართალდამცავ უწყებაში განმარტავენ, დაკავებული პირს ბრალი მოგვიანებით წარედგინება.
აღსანიშნავია, რომ ჯეი დი ვენსისა და მისი ოჯახის ოფიციალურ საცხოვრებელ მისამართად დედაქალაქ ვაშინგტონში მდებარე ვიცე პრეზიდენტის რეზიდენცია მიიჩნევა. ოჰაიოში მდებარე სახლში კი ოჯახის პირადი საკუთრება იყო და ის ცინცინატის ისთ ვოლნათ ჰილსზე მდებარეობს. აღნიშნული ობიექტი მომავალმა ვიცე პრეზიდენტმა ჯერ კიდევ 2018 წელს შეიძინა. ვენსის წარმომადგენელმა თქვა, რომ ქვეყნის მეორე პირის ოჯახი რეზიდენციას შაბათ-კვირის განმავლობაში სტუმრობდა, თუმცა მათ სახლი თავდასხმამდე რამდენიმე საათით ადრე დატოვეს.




























