მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აშშ-ის ზეწოლის შემდეგ, EU რუსული ენერგორესურსების შესყიდვის აკრძალვის დაჩქარებას განიხილავს - Reuters

რუსული ნავთობი

აშშ-ის ზეწოლის შემდეგ, ევროკავშირი განიხილავს რუსული ნავთობისა და გაზის შესყიდვის აკრძალვა დააჩქაროს. კერძოდ, Reuters წერს, რომ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ დააჩქარებენ რუსული წიაღისეული საწვავის აკრძალვის პროცესს.

მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა ზღვით გადაზიდული რუსული ნავთობის შესყიდვა აკრძალვა, მისი წილი ევროპის იმპორტში მნიშვნელოვნად შემცირდა, თუმცა უნგრეთი და სლოვაკეთი კვლავ აგრძელებენ რუსული ნავთობის იმპორტს. რაც შეეხება გაზს, ომის დაწყების შემდეგ რუსეთმა სანქციების საპასუხოდ, Nord Stream-ის გაზსადენი გააჩერა, რომლითაც მისი ყველაზე მსხვილი მომხმარებელი - გერმანია იღებდა გაზს. ამან ევროპაში რუსული გაზის იმპორტი მნიშვნელოვნად შეამცირა. Reuters-ის ინფორმაციით, წელს ევროპაში რუსული გაზის წილი დაახლოებით 13% იქნება, მაშინ როცა ომამდე დაახლოებით 45% იყო.

ამ ეტაპზე აშშ რუსეთის ენერგეტიკული სექტორის წინააღმდეგ სანქციებს განიხილავს და ევროპას სთხოვს, აღარ იყიდოს რუსული ნავთობი. ამას გარდა, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ევროპელი მოკავშირეებისგან ითხოვს რუსული ნავთობის მთავარ შემსყიდველებს ჩინეთსა და ინდოეთს ტარიფები დაუწესონ.

მიმდინარე კვირაში, აშშ-ის ენერგეტიკის მდივანი კრის რაიტი Financial Times-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ ევროპის ქვეყნებმა რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტი უნდა შეწყვიტონ.

მისი ეს კომენტარი მოჰყვა აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებას, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების "მეორე ფაზა" დაიწყება.

ენერგეტიკის მდივნის თქმით, ამერიკა უფრო აგრესიული იქნება რუსეთის წინააღმდეგ ენერგეტიკული სანქციების კუთხით თუ ევროპული ქვეყნები რუსული ენერგორესურსების ყიდვას შეწყვეტენ და სანაცვლოდ ამერიკულ გათხევადებულ გაზს (LNG) და საწვავს იყიდიან.

"თუ ევროპელები გაავლებენ ხაზს და იტყვიან: აღარ ვაპირებთ რუსული გაზისა და ნავთობის ყიდვას, ექნება ამას დადებითი გავლენა აშშ-ზე, რომ უფრო აგრესიული იყოს სანქციებთან დაკავშირებით? რა თქმა უნდა", - უთხრა რაითმა ბრიტანულ გამოცემას.

ტრამპი უკვე დიდი ხანია ევროპას ამერიკული ენერგორესურსების ყიდვისკენ მოუწოდებს. მიმდინარე წლის დასაწყისში აშშ-ის პრეზიდენტმა ევროკავშირს მოსთხოვა 350 მილიარდი დოლარის სავაჭრო დეფიციტის აღმოსაფხვრელად ამერიკული ენერგორესურსები იყიდოს.

ევროსტატის ინფორმაციით, 2024 წელს ევროკავშირის ქვეყნებმა ამერიკაში თითქმის 532 მილიარდი ევროს პროდუქტი გაყიდეს, ევროკავშირმა კი ამერიკისგან 333 მილიარდი ევროს ღირებულების პროდუქტი იყიდა. შესაბამისად, დეფიციტი არა 350 მილიარდია, როგორც ამას ტრამპი ამტკიცებს, არამედ 232 მილიარდი დოლარი.

თავის მხრივ, ევროკავშირს გაცხადებული აქვს, რომ 2027 წლიდან რუსულ წიაღისეულ საწვავს აღარ იყიდის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები