აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა იემენში „ჰუსიტების“ წინააღმდეგ დარტყმების მორიგი სერია განახორციელეს. „ბიბისის“ ცნობით, დარტყმები განხორციელდა იემენში 13 ადგილას 36 სამიზნეზე.
მედიის ცნობით, ეს არის აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის მიერ იემენში „ჰუსიტების“ წინააღმდეგ იერიშების მესამე სერია წითელ ზღვაში მათ მიერ ხომალდებზე თავდასხმების საპასუხოდ. დარტყმები მხარდაჭერილი იყო ავსტრალიის, ბაჰრეინის, კანადის, დანიის, ნიდერლანდებისა და ახალი ზელანდიის მიერ.
საპასუხოდ კი, იემენელი „ჰუსიტები“ ირწმუნებიან, რომ აშშ-სა და გაერთიანებული სამეფოს საჰაერო თავდასხმები მათ ვერ შეაკავებთ და რომ ამ თავდასხმებს შესაბამისად უპასუხებენ.
"ეს თავდასხმები ვერ შეაკავებს ჩვენს პოზიციას, მხარი დავუჭიროთ პალესტინელ ხალხს ღაზის სექტორში“, - აღნიშნულია „ჰუსიტების“ სამხედრო პრესსპიკერის, იაჰია სარის განცხადებაში.
ოფიციალური პენტაგონის ცნობით, დაბომბილია იარაღის საწყობები, სარაკეტო სისტემები და გამშვები სისტემები, საჰაერო თავდაცვის სისტემები და რადარები. ასევე განადგურებულია სანაპიროზე მდებარე დრონების მართვის ცენტრი.
ცნობისთვის, აშშ ბოლო რამდენიმე დღეში იერიშებს ახორციელებს მას შემდეგ, რაც პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ დადო პირობა, რომ გასცემდა "მრავალსაფეხურიან" პასუხს იმ უპილოტო თავდასხმაზე, რომელმაც სამი ამერიკელი სამხედროს სიცოცხლე იმსხვერპლა.