კენკრის მწარმოებელი მეურნეობების Agrostore "სიამო"-სა და P&K Berries-ის თანამშრომლობით ქართულ ბაზარზე ახალი "ჟოლოს ხემსი" გამოჩნდა. ახალი პროდუქტის შესახებ BMG-სთან Agrostore-ის დირექტორი, ზურაბ ალავიძე საუბრობს.
„ჩვენი პროდუქტი საღი, ნედლი ჟოლოს დეჰიდრატაციაა - პროდუქტს დაბალ ტემპერატურაზე ვაშრობთ, აქტიურ წყალს გამოვდევნით, რაც საშუალებას იძლევა, რომ მიღებული პროდუქტი 1 წლის განმავლობაში მოვიხმაროთ როგორც ხემსად, ასევე კულინარიასა და კონდიტერიაში. უცხოეთში ძალიან აქტიურად მოიხმარენ ამ დანიშნულებით, საქართველოში კი სულ რამდენ ადგილას იციან მის თვისებებზე, იმაზე, რომ დეჰიდრირებულ ჟოლოს ძალიან ძლიერი არომატი აქვს და სეზონზე თუ არასეზონზე კოქტეილებსა და სმუზებშიც გამოიყენება“, - ამბობს ზურაბ ალავიძე.
„სიამოს“ თანადამფუძნებლის თქმით, ხემსისათვის ნედლეული ორი კომპანიის კენკროვანი პლანტაციებიდან მოდის, სადაც ჟოლოს შვეციარიული და იტალიური ჯიშები მოჰყავთ.
„საქართველოში ძალიან ცოტა ჟოლოს ბაღია გადარჩენილი. კახეთში ჟოლოსა და მაყვლის თითზეჩამოსათვლელი მეურნეობებია დარჩენილი, რომლებიც ამ საქმეს ბიზნესურად უდგებიან, არ მაქვს საუბარი პირადი მოხმარებისთვის გაშენებულ ბაღებზე... ჩვენ, ვინც შემოვრჩით, გვაქვს შვეიცარიული და იტალიური ჯიშები, რომლებიც ადგილობრივ ჟოლოსთან შედარებით უფრო ხარისხიანია და ისგან ხემსიც ძალიან კარგი გამოდის“, - ამბობს ზურაბ ალავიძე.
ხემსი ქართულ ბაზარზე სულ რამდენიმე კვირაა, რაც გამოჩნდა და ჯერჯერობით უცნობია, როდის დაიწყება მისი რეალიზება ქსელურ მარკეტებში: „ჩვენი ძირითადი ფოკუსი ექსპორტია, იმ ქვეყნებში, სადაც ამ პროდუქტს უკვე იცნობენ. მაგრამ საქართველოშიც აუცილებლად შევიტანთ რამდენიმე სუპერმარკეტში, რათა მომხმარებლები გაეცნონ მას. დაინტერესება არის ჰორეკა სექტორის ობიექტებიდანაც“.
რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარზე სარეალიზაციო ფასს, Agrostore-ის დირექტორის განმარტებით, კილოგრამის ფასი 260 ლარის ფარგლებში იქნება, თუმცა პროდუქტი 10-20 გრამიანი შეფუთვებით გაიყიდება.
საექსპორტო ბაზრებიდან კომპანიამ აშშ-ის ათვისება უკვე დაიწყო. ზურაბ ალავიძის თქმით, ნიმუში რამდენიმე ქვეყანაში უკვე გაგზავნილია.
„ამერიკაში ძალიან მოეწონათ ჩვენი ხემსი და უკვე დავიწყეთ მომლაპარაკებები 2024 წლისთვის. ლატვიასა და ესპანეთშიც ვგზავნით ნიმუშს. ისეთი პროდუქტია, აუცილებლად კარგად გაიყიდება, უბრალოდ საქართველოდან ექსპორტი მარტივი არ არის...“ - აღნიშნავს „სიამოს“ თანადამფუძნებელი.
ცნობისთვის, კომპანიებს ახალი ხემსის შესაქმნელად დამატებით ინვესტიცია არ განუხორციელებიათ. Agrostore-ისა და P&K Berries-ის მიერ კენკროვან მეურნეობაში ჩადებული საერთო საინვესტიციო მოცულობა კი 2 მლნ ლარს აღწევს, საიდანაც ნაწილი აგრო სესხებზე, ნაწილი კი დამფუძნებლების პირად ინვესტიციაზე მოდის.