მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კაკალი, თხილი, ნუში, მოცვი - რომელი კულტურების გაშენებით ინტერესდებიან უცხოელი ინვესტორები საქართველოში?

ლურჯი ბაღი

კომპანია "ლურჯი ბაღის" ისტორია 2020 წელს სენაკის მუნიციპალიტეტში 20 ჰექტარ მიწის ფართობზე ლურჯი მოცვის გაშენებით დაიწყო. საქმიანობის საწყის ეტაპზე თანმდევმა არაერთმა გამოწვევამ კომპანიას ისეთი სერვისის შექმნისკენ უბიძგა, რომელიც მომავალში სხვებს იმ პრობლემებს აარიდებდა, რაც მათ საკუთარ თავზე გამოსცადეს. ასე გახდა "ლურჯი მოცვი" საქართველოში აგროსერვისების მიმწოდებელი პირველი კომპანია, რომელიც პოტენციურ მომხმარებლებს მომსახურების სრულ ციკლს სთავაზობს - იდეის დაბადებიდან ექსპორტის განხორციელებამდე.

როგორც კომპანიის თანადამფუძნებელმა, ნიკოლოზ დიდებაშვილმა BMGtv-ის გადაცემა "ქალების ნარატივში" საუბრისას აღნიშნა, ნიადაგის მომზადების ოპტიმალური თანმიმდევრობის შემუშავებიდან დაწყებული, დარგვის სქემებისა და ირიგაციის სისტემების განსაზღვრამდე, კომპანია პროექტის განხორციელებისათვის საჭირო ყველა ასპექტს ზედამხედველობს.

"ლურჯი ბაღი" სარწყავი სისტემის შერჩევას, ნიადაგის დამუშავებას მის საკუთრებაშივე არსებული 15-მდე სასოფლო სამეურნეო და მძიმე სამშენებლო ტექნიკით უზრუნველყოფას და ბაღის განვითარებისა და კონტროლის მჭიდრო მონიტორინგს ახორციელებს.

კომპანია ამ დროისთვის როგორც ცალკეულ, ისე სახელმწიფოსა და დონორი ორგანიზაციების მიერ განხორციელებულ სხვადასხვა მსხვილ პროექტში მონაწილე ფერმერებს უწევს მომსახურებას.

"ჩვენი მომხმარებლები როგორც მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ფერმერები, ასევე ის ადამიანები არიან, ვისაც ამ დარგში განვითარება სურთ. ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა, თუ რა ეტაპზე არის მეურნეობა, ჩვენს ცოდნასა და გამოცდილებას განვითარების ნებისმიერ ეტაპზე მყოფ ფერმერს ვუზიარებთ. რაც შეეხება მომსახურების ღირებულებას. ფასი პროექტის მასშტაბსა და იმ კულტურაზე არის დამოკიდებული, რომელსაც ვაშენებთ. გვაქვს პროექტებიც, სადაც მენეჯმენტში ვართ და როგორც ვერბალური, ისე ტექნიკური სამუშაოები სრულად ჩვენი მეთვალყურეობის ქვეშ კეთდება. თუმცა, ასევე გვაქვს პროექტები, სადაც შეიძლება მხოლოდ ნერგის დარგვა დაგვიკვეთოს მომხმარებელმა, მხოლოდ მიწის სამუშაო შევუსრულოთ და ა.შ., აქედან გამომდინარე ფასის თქმა გამიჭირდება", - ამბობს ნიკოლოზ დიდებაშვილი.

კომპანია ამ ეტაპზე 30 მუდმივ თანამშრომელს ასაქმებს, აქტიურ სამუშაო პერიოდში კი დასაქმებულთა რაოდენობა 200-350 ადამიანამდე იზრდება. გარდა ამისა, აგროსერვისების მიწოდების პროცესში "ლურჯი ბაღი" ქართველთან ერთად უცხოელი სპეციალისტების ჩართვასაც უზრუნველყოფს.

"კენკროვანი კულტურების განვითარების მიმართულებით პორტუგალიურ საკონსულტაციო კომპანიასთან ვთანამშრომლობთ, რომელიც იტალიელი და პორტუგალიელი კონსულტანტებით არის დაკომპლექტებული. ხოლო, კურკოვანი და კაკლოვანი კულტურების მიმართულებით, ესპანური საკონსულტაციო კომპანიის სუპერვაიზინგის პირობებში ვახორციელებთ პროექტებს", - აღნიშნავს "ლურჯი ბაღის" თანადამფუძნებელი.

ოპერირების დაწყებიდან დღემდე კომპანიის პორტფელში 15-დან 20-მდე როგორც მცირე და საშუალო, ისე მსხვილი მასშტაბის შესრულებული პროექტი ერთიანდება. მათ მიერ გაშენებულ ბაღებს შორის კი დიდ წილს, კაკლოვანი კულტურები იკავებს.

"ჰექტრობით რომ ვისაუბროთ, კენკროვანი კულტურები დაახლოებით 200 ჰექტარზე მეტია, ხოლო კაკლოვანი 500 ჰექტარს აღემატება. ყველაზე დიდი მოთხოვნაც სწორედ ამ ორ მიმართულებაზეა. თუმცა, აღვნიშნავ იმასაც, რომ შესრულების თვალსაზრისით ჩვენთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რომელი კულტურა იქნება, რადგან ამ საქმეში პროფესიონალი, კვალიფიციური სპეციალისტები არიან ჩართულები", - განმარტავს "ლურჯი ბაღის" თანადამფუძნებელი ნიკოლოზ დიდებაშვილი.

"ლურჯი ბაღის" თანადამფუძნებელი ასევე აღნიშნავს, რომ ამჟამად ისინი რამდენიმე უცხოურ საინვესტიციო კომპანიასთან თანამშრომლობენ, რომლებიც საქართველოს სოფლის მეურნეობაში ინვესტირებით არიან დაინტერესებულები. ნიკოლოზ დიდებაშვილის თქმით, მოლაპარაკებები ამ ეტაპზე კაკლოვანი კულტურების, ნუშისა და ლურჯი მოცვის მიმართულებით მიმდინარეობს. ეს ის პროდუქტებია, რომელზეც ინვესტორების მხრიდან ინტერესი ყველაზე მაღალია. მისივე განმარტებით, მოლაპარაკებების შედეგები უახლოეს რამდენიმე თვეში გახდება ცნობილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები