მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2023 წელს "დანერგე მომავლის" ფარგლებში კაკლის ნერგების გაშენება თითქმის შეწყდა - Galt & Taggart

კაკლის ნერგები

საინვესტიციო ბანკ Galt&Taggart-ის “კაკლოვანი კულტურების ბაზრის” კვლევის პუბლიკაციაში ვკითხულობთ, რომ 2023 წელს პროგრამა “დანერგე მომავლის” ფარგლებში კაკლის ახალი ნერგების გაშენება თითქმის შეწყდა და, 2022 წელს გაშენებული 60 ჰექტარის ნაცვლად, კაკლის ბაღები მხოლოდ 6 ჰექტარ ტერიტორიაზე გაშენდა. აღსანიშნავია ისიც, რომ კლებითი ტენდენცია 2018 წლიდან ფიქსირდება.

პროგრამით “დანერგე მომავალი” კაკლის ნერგების გაშენება 2015 წლიდან დაიწყო და 2015-2017 წლებში 1 695 ჰექტარი კაკლის ბაღი გაშენდა. ანგარიშის თანახმად, 2018 წლიდან კაკლის ბაღებისთვის ჰექტარზე საშუალო ინვესტიცია იზრდება, გაშენებული ნარგავების ფართობი კი იკლებს.

აღსანიშნავია ისიც, რომ “დანერგე მომავლის” ფარგლებში, 2015-2023 წლებში, თ კაკალი ყველაზე დიდი ფართობით გაშენებულია კახეთში, ხოლო კერძო ინვესტიციებით აჭარაში.

"კაკლოვანი კულტურების ბაზრის" მიმოხილვაში ვიგებთ, რომ 2023 წლის მონაცემებით, კაკლის თვითუზრუნველყოფა 56.6%-ია, რაც გაუარესებული მაჩვენებელია. Galt & Taggart-ში მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში კაკლის წარმოება მოსალოდნელზე ნელი ტემპით იზრდება და წლიური მერყეობებით ხასითდება. მიმოხილვის ავტორები აღნიშნავენ, რომ წარმოება სექტორის მოლოდინებს საგრძნობლად ჩამოუვარდება. მაღალი მოლოდინები კი კაკლის ახალი ხარისხიანი ჯიშის, ჩანდლერის გაშენებას ემყარებოდა. საინვესტიციო ბანკში დარგში არსებულ გამოწვევაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ქვეყანაში ამ მიმართულებით ცოდნის ნაკლებობამ არაეფექტური წარმოება გამოიწვია - მწარმოებლებმა ნერგები არასწორ დროს, არასწორ პირობებში დარგეს და სათანადოდ ვერ მოუარეს.

ამავე მიმოხილვით ვიგებთ, რომ კაკლის ნარგავების ფართობი 2023 წელს 4 500 ჰექტარი იყო, მოსავლიანობა კი ქვეყანაში ძალიან დაბალ ნიშნულზეა და საშუალო მაჩვენებელს ჩამოუვარდება, რაც 1 ჰექტარზე 2 ტონას შეადგენს.

ამავე მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ 2021 წლის მონაცემებით ქვეყანაში 1 ადამიანი 1.04 კილოგრამ კაკალს მოიხმარდა. ეს მაჩვენებელი მსოფლიოში კაკლის მოხმარების საშუალო მაჩვენებელზე 8-ჯერ უფრო მაღალია, რაც საინვეტიციო კომპანიაში აცხადებენ, რომ ქვეყანაში კულინარიაში ნიგვზის ინგრედიენტების აქტიური გამოყენებით არის განპირობებული.

ამასთან galt & Taggart-ის მონაცემებით, საქართველო კაკლის წმინდა იმპორტიორია, ხოლო ექსპორტის კუთხით საქართველო საერთაშორისო ბაზარზე უმნიშვნელო 0.2%-იანი წილითაა წარმოდგენილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები