მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"აგროლაინმა" წარმადობა 44%-ით გაზარდა - რა ღირს/სად რეალიზდება ჩანდლერის ჯიშის კაკალი?

კაკალი

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში გაშენებული კაკლის ბაღებიდან კომპანია "აგროლაინი" უკვე ოთხი წელია, ადგილობრივ ბაზარს მაღალხარისხიანი, ამერიკული ჩანდლერის ჯიშის კაკლით ამარაგებს, რომლის გადამუშავებასაც საკუთარ საწარმოშივე უზრუნველყოფს.

180 ჰექტარზე გაშენებული კაკლის ბაღებიდან მიმდინარე სეზონზე "აგროლაინმა" 520 ტონა მოსავალი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 44%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

გაზრდილმა მოსავლიანობამ კი, საწარმოში სიმძლავრეების ზრდა და ახალი ხაზის დამატება განაპირობა. გადაიარაღების შედეგად, მიმდინარე წელს კაკლის შრობის რესურსი 400-დან 800-ტონამდე გაზარდეს

"აგროლაინის" კაკლისა და ნიგვზის შეძენა როგორც პირდაპირ საწარმოდან, ასევე მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ბაზრებსა თუ ქსელურ სუპერმარკეტებში არის შესაძლებელი.

კომპანია ბაზარს სხვადასხვა ზომის კაკალს სთავაზობს და ფასიც შესაბამისად, ზომების მიხედვით განსხვავებულია:

1 კგ - 30 ზომა - 8.50 ლარი
1 კგ - 32 ზომა - 10 ლარი
1 კგ - 34 ზომა - 11 ლარი
1 კგ - 36 ზომა - 12 ლარი

აღსანიშნავია ისიც, რომ წელს კომპანიამ ახალი სერვისი აამოქმედა და მომხმარებელს უკვე საკურიერო მომსახურებასაც სთავაზობს. როგორც "აგროლაინის" მენეჯერი, მიხეილ აბაშიძე გვიყვება, კაკლის მიწოდებას ჩუმლაყიდან თბილისში სრულიად უფასოდ უზრუნველყოფენ.

"ეს სერვისი წელს დავამატეთ და ძალიან მოსახერხებელია. მომხმარებელი შეკვეთას მისცემს და თბილისში, ნებისმიერ ლოკაციაზე მას პირდაპირ სახლში მივუტანთ. ახალი სერვისის დამატება იმ მოთხოვნამ განაპირობა, რაც თბილისში წლიდან წლამდე სულ უფრო მზარდია, ბევრი რეკავს, საწილოდ ყიდულობს და ა.შ… წელს შედარებით ადრე, ოქტომბრის ბოლოდან დავიწყეთ კაკლის გაყიდვა და რაც უფრო ახლოვდება საახალწლო პერიოდი, მოთხოვნა სულ უფრო იზრდება!", - ამბობს "აგროლაინის" მენეჯერი მიხეილ აბაშიძე.

ადგილობრივ ბაზარზე ჭარბი მოთხოვნა "აგროლაინს" ჯერჯერობით კაკლის ექსპორტზე გატანის რესურსს არ უტოვებს. როგორც კომპანიაში ამბობენ, მათთვის პრიორიტეტი ჯერ ქართული ბაზარია და როდესაც აქ მიწოდება მოთხოვნას სრულად დააკმაყოფილებს, ქართულ კაკალს ევროპისა თუ აშშ-ის მაღალმსყიდველუნარიან, სტაბილურ ბაზარსაც გააცნობენ. კომპანია ამისთვის სრულ მზადყოფნაშია, გამომდინარე იქიდან, რომ ფლობს როგორც BRCGS-ის, ასევე Global Gap-ის სერტიფიკატებს.

აღსანიშნავია, რომ კომპანიამ სერტიფიცირება პირველად 2021 წელს გაიარა და მას შემდეგ პირველადი წარმოებისა და სურსათის უვნებლობის მიმართულებით, სერტიფიცირებას უმაღლეს AA+ დონეზე ინარჩუნებს.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, "აგროლაინი" ახლა აქცენტს როგორც საწარმოში, ასევე კაკლის ბაღებში მომუშავე ტექნიკის კიდევ უფრო გაუმჯობესებასა და მოსავლიანობის ზრდაზე აკეთებს. კომპანიის მენეჯერის თქმით, მომავალი წლის გეგმა 700 ტონა კაკლის მოსავლის მიღებაა.

"წლიდან წლამდე როგორც ბაღში გვემატება მოსავალი, შესაბამისად ქარხანაც ვითარდება, ყველაფერი წინ და წინ მიდის. მომავალი სეზონისთვის მზადებას უკვე დეკემბრიდან დავიწყებთ. 2019 წლის ბაღიდან წელს ძალიან კარგი მოსავალი მივიღეთ და მომავალ წელს ამ ბაღიდან მოსავლის კიდევ უფრო გაზრდილ რაოდენობას ველოდებით", - აღნიშნავს მიხეილ აბაშიძე.

ცნობისთვის, კომპანია "აგროლაინმა" გურჯაანში, სოფელ ჩუმლაყში კაკლის ბაღების გაშენება 2015 წლიდან დაიწყო, პირველი 18 ტონა მოსავალი კი 2019 წელს მიიღეს. დღეს "აგროლაინის" კაკლის ბაღები 240 ჰექტარ ფართობს მოიცავს, საიდანაც 60 ჰექტარი მხოლოდ 2 წელს ითვლის. ყველაზე პატარა ასაკის ნერგებიდან მოსავალს დაახლოებით 2 წელში მიიღებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები