მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კაკლის საწარმო „აგროლაინი“ სიმძლავრეებს ზრდის - კომპანიის გეგმები

63c7fdbf03d1f
ვიქტორია მღებრიშვილი
19.01.23 09:35
527
გურჯაანის რაიონში მოქმედი კაკლის საწარმო „აგროლაინი“ სიმძლავრეებს ზრდის. მიმდინარე წელს კომპანია კაკლის შრობის რესურსს 300-დან 600 ტონამდე გაზრდის, ხოლო 4 წელიწადში წარმოების გაძლიერება 1000-1200 ტონამდე იგეგმება. ამ პერიოდის განმავლობაში წარმოების სიმძლავრის გაზრდისთვის, კომპანია ჯამში 3 მლნ დოლარის ინვესტიციას ჩადებს.

კომპანიის გეგმების შესახებ BM.GE-სთან „აგროლაინის“ დამფუძნებელი გიორგი მესხიძე საუბრობს. კაკლის მწარმოებელი მეურნეობა გურჯაანის სოფელ ჩუმლაყში 2020 წელს ამოქმედდა და წარმოებასთან ერთად 230 ჰა-ზე განთავსებულ ჩანდლერის ჯიშის კაკლის ბაღებს მართავს. დამფუძნებლების მიზანი თავიდანვე კაკლის ექსპორტზე გატანა იყო, თუმცა როგორც გიორგი მესხიძე აღნიშნავს, გასულ წელს მიღებული და გადამუშავებული კაკალი სრულად ადგილობრივ ბაზარზე გაიყიდა.

„2022 წელს მოსავლიანობა 360 ტონა იყო და ეს მთლიანად გადავამუშავეთ, თუმცა რეალიზება სრულად ადგილობრივ ბაზარზე მოვახდინეთ. კაკალი ექსპორტზე ვერ გავიტანეთ, რადგან მსოფლიოში არსებული კრიზისიდან გამომდინარე, ადგილობრივ ბაზარზე ფასები უკეთესი იყო. გასულ წელს საერთაშორისო ბაზარზე კაკლის დაბალ ფასთან ერთად, ტრანსპორტირების ღირებულება გაზრდილი იყო, ამიტომ კაკლის რეალიზება ადგილობრივ ბაზარზე უფრო მისაღები იყო“, - განმარტა მესხიძემ.

მისივე ინფორმაციით, „აგროლაინი“ 2020 წელს მცირე მოცულობის ექსპორტ რამდენიმე ქვეყნის მიმართულებით ახორციელებდა და მომავალშიც ქვეყნის საზღვრებს გარეთ რეალიზება კომპანიის მთავარ მიზნად დარჩება. წელს მეურნეობა 500-600 ტონა კაკლის მოსავალს ელის, რომელიც ხელსაყრელი პირობების არსებობის შემთხვევაში ექსპორტზეც გავა.

„ჩვენი მიზანი და სურვილი კაკლის ექსპორტზე განვითარებულ ქვეყნებში გატანაა, თუმცა გასული წლის მაგალითიდან გამომდინარე შევხედავთ რა მდგომარეობა იქნება მსოფლიოში. ამ ეტაპზე მუშაობა მიმდინარეობს გერმანია, ესპანეთთან, იტალიასთან და პორტუგალიასთან. მიმდინარე წელს ექსპორტის მოცულობა საერთაშორისო ბაზარზე არსებული ფასებზე იქნება დამოკიდებული. თუ ხელსაყრელი პირობები იქნება შესაძლოა წარმოებული პროდუქტი სრულად ექსპორტზე გავიტანოთ“, - უთხრა მესხიძემ BM.GE-ს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები