საქართველოში გაშენებული ჩანდლერის ბაღების მოსავლიანობის გაუმჯობესება წარმოების ზრდის პერსპექტივას იძლევა. არსებული ნერგები 2030 წლისთვის დაახლოებით 5,600 ტონა კაკალს მოისხამს - ამის შესახებ Galt & Taggart-ის კაკლოვანი კურლტურების ბაზრის მიმოხილვაშია ნათვამი.
საქართველოში კაკალი დაახლოებით 4,500 ჰექტარზეა გაშენებული. აქედან, უმეტესი ნაწილი მთავრობის პროგრამის „დანერგე მომავლის“ ფარგლებშია გაშენებული და ძირითადად მცირე ზომის 15 ჰექტრამდე ბაღებს მოიცავს.
საქართველოში კაკლის წარმოება 2018 წლიდან მზარდია, რაც უკავშირდება 2014 წელს გაშენებული ბაღების მსხმოიარობაში შესვლას. კაკლის მოსავლიანობა ჰექტრაზე 1.96 ტონაა, რაც მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება მსოფლიო საშუალოს.
ჩანდლერი მსხმოიარობაში მე-4 წლიდან შედის და ნორმალიზდება მერვე წელს. სათანადოდ მოვლის შემთხვევაში ჩანდლერი 5-7 ტონამდე მოსავალს იძლევა ჰექტარზე, კარგი მოვლის შემთხვევაში 8-10 ტონამდე და ცუდი მოვლის შემთხვევაში 2-3 ტონას. ამასთან, გაშენებული ნერგების უმეტესობა სრულ მსხმოიარობაში არ არის შესული. აღსანიშნავია, რომ კაკლის ბაღების გაშენება 2021 წლიდან შენელდა.
სახელმწიფო თანადაფინანსებით კაკალი ყველაზე დიდი ფართობით გაშენებულია კახეთში, ხოლო კერძო ინვესტიციებით აჭარაში. კაკლის სწორი მოვლა და პოსტ-ჰარვესტ ზომები მნიშვნელოვანია. ამიტომ, სახელმწიფო დაფინანსებით ხდება ასევე აშშ-დან აგრონომების ჩამოყვანა და ცოდნის გაზიარება. კაკლის ხარისხს აფუჭებს არასწორი შენახვა, რაც საშრობების საჭიროებას განაპირობებს. არსებული საშრობები სრულიად საკმარისია ახლანდელი მოსავლისთვის, მაგრამ მომავალში მეტის საჭიროება იქნება.
ზოგადად კი მსოფლიოში კაკლის წარმოება სტაბილურად მატულობს. წარმოების ზრდას ძირითადად ჩინეთი და აშშ განაპირობებენ, რომლებიც ერთად მსოფლიო წარმოების 79.1%-ს შეადგენენ. ჩინეთი უდიდეს მწარმოებელთან ერთად, ასევე უმსხვილესი მომხმარებელიცაა.
Galt & Taggart-ის ანალიზით, საქართველოში კაკლის სექტორის განვითარებისთვის საჭიროა აგრონომიული ცოდნის ამაღლება, რასაც მთავრობა მხარს უჭერს უცხოელი სპეციალისტების ჩამოყვანით.