ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, 90 სხვა სახელმწიფოსთან, მათ შორის საქართველოსთან ერთად მხარი დაუჭირა გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას, რომელიც რუსეთს 2022 წლის ომის დაწყების შემდეგ გატაცებული უკრაინელი ბავშვების დაუყოვნებლივ და უპირობო დაბრუნებისკენ მოუწოდებს. უკრაინული სახელმწიფო ორგანოების შეფასებით, საუბარია, სულ მცირე, 20,000-მდე არასრულწლოვანზე, რომლებიც უმეტესწილად ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონებიდან იძულებით წაიყვანეს.
გაეროს რეზოლუცია რუსეთს არამარტო ბავშვების დაბრუნებას, არამედ, ზოგადად, არასრულწლოვნების გატაცების პრაქტიკის შეწყვეტისაკენ მოუწოდებს. ამასთან, დოკუმენტში წერია, რომ კრემლმა უნდა უზრუნველყოს ყველა ბავშვის უსაფრთხო დაბრუნება. აღსანიშნავია, რომ რეზოლუცია თავისი არსით არასავალდებულოა, შესაბამისად, რუსეთს მოწოდების უგულებელყოფა შეუძლია.
ცნობისთვის, ომის დაწყების შემდეგ გატაცებული ბავშვების დაბრუნება რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში წარმოდგენილი 28-პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. ტრამპის ადმინისტრაციის მიერ რეზოლუციის მხარდაჭერა კი კიდევ ერთხელ ადასტურებს შტატების სურვილს, უზრუნველყოს არასრულწლოვანთა დაბრუნება ოჯახებთან.




























