აშშ-მ უკრაინის სამხედრო დახმარების 500 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პაკეტი გამოაცხადა. აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის თქმით, დახმარება მოიცავს დამატებით რაკეტებს უკრაინის საჰაერო თავდაცვისთვის, მეტ საბრძოლო მასალას და სხვა აღჭურვილობას უკრაინის F-16-ების მხარდასაჭერად. ოსტინმა ამის შესახებ გერმანიაში, უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის (UDCG) 25-ე შეხვედრის გახსნისას განაცხადა.
"ფუნდამენტური ჭეშმარიტებაა: უკრაინის ბრძოლა ჩვენთვის მნიშვნელოვანია. როგორც მე აქ, რამშტაინში, ჩვენს პირველ შეხვედრაზე ვთქვი 2022 წლის აპრილში, პუტინის ომი არის გამოწვევა თავისუფალი ხალხისთვის ყველგან",- განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა.
რამშტაინის საავიაციო ბაზაზე გამართულ შეხვედრაში მონაწილეობს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელიც მოსალოდნელია, რომ ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.
აღსანიშნავია, რომ ეს ამ ფორმატის ბოლო შეხვედრაა ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში, აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის 20 იანვარს დაგეგმილ ინაუგურაციამდე.
„აშკარაა, რომ ევროპისა და მთელი მსოფლიოსთვის ახალი თავი იწყება სულ რაღაც 11 დღის შემდეგ, როდესაც ჩვენ უნდა ვითანამშრომლოთ კიდევ უფრო მეტად, მეტად დავეყრდნოთ ერთმანეთს და მივაღწიოთ უფრო დიდ შედეგებს“, - თქვა ზელენსკიმ შეხვედრის გახსნისას.
უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფი, ამერიკის შეერთებული შტატების ინიციატივით, 2022 წლის აპრილში ჩამოყალიბდა უკრაინის საერთაშორისო მხარდაჭერის კოორდინაციის მიზნით. ის უკრაინის მხარდამჭერ 57 ქვეყანას აერთიანებს. მათ შორის NATO-ს 32-ვე წევრს. ჯგუფში შედის საქართველოც.
საქართველოს თავდაცვის უწყებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი გერმანიაშია და ჯგუფის შეხვედრაში მონაწილეობს.




























