აშშ-ის ხაზინის მდივანმა, სკოტ ბესენტმა, და ვაჭრობის წარმომადგენელმა, ჯეიმსონ გრირმა, მალაიზიის დედაქალაქ კუალა ლუმპურში, ასეანის სამიტის ფარგლებში ჩინეთის ვიცე-პრემიერს, ჰე ლი-ფენგთან და მთავარ სავაჭრო მომლაპარაკებელ ლი ჩენგანგთან შეხვედრა გამართეს.
ეს მაისის შემდეგ მოლაპარაკებების რიგით მეხუთე რაუნდი იყო. ბესენტის განცხადებით, მიღწეული ჩარჩო შესაძლებლობას აძლევს აშშ-ისა და ჩინეთის ლიდერებს ხუთშაბათს, პირისპირ შეხვედრაზე, სხვადასხვა საკითხი განიხილონ.
ბესენტმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ შეთანხმების შედეგად, სავარაუდოდ, პეკინი შეაჩერებს იშვიათი მინერალების ექსპორტზე გაძლიერებულ კონტროლს, რაც ჩინეთს ტრამპის მიერ დაანონსებულ 100%-იან საბაჟო გადასახადს აარიდებს.
მისივე თქმით, ტრამპი და სი ძინპინი შემდეგი კვირის შეხვედრაზე განიხილავენ ამერიკელი ფერმერებისგან სოიოსა და სხვა აგროპროდუქციის შესყიდვას, ვაჭრობის უფრო დაბალანსებულ ფორმებს და აშშ-ში ფენტანილის კრიზისის მოგვარების საკითხს.
ჩინეთის წარმომადგენელმა, ლი ჩენგანგმა, განაცხადა, რომ მხარეებმა მიაღწიეს „წინასწარ შეთანხმებას“ და ახლა დაიწყებენ შიდა პროცედურებს.
ცნობისთვის, ტრამპი კვირას ჩავიდა მალაიზიაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის სამიტზე, რომელიც მისი ხუთდღიანი აზიური ტურნეს პირველი გაჩერებაა. ტურნე 30 ოქტომბერს სამხრეთ კორეაში სი ძინპინთან შეხვედრით დასრულდება.




























