მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-მა "გაზპრომბანკს" და კიდევ სხვა 50 რუსულ ბანკს ახალი სანქციები დაუწესა

გაზპრომბანკი

აშშ-მა რუსულ "გაზპრომბანკს" და მის მფლობელობაში არსებულ კიდევ ექვს კომპანიას ახალი სანქციები დაუწესა. როგორც აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი აცხადებს, ახალი სანქციების თანახმად, "გაზპრომბანკს" არ შეუძლია ენერგოტრანზაქციების განხორციელება, რაც ამერიკის ფინანსურ სისტემას უკავშირდება, ასევე მას ეკრძალება ამერიკელებთან ვაჭრობა. გარდა ამისა, გაყინულია აშშ-ში რუსული ბანკის აქტივები. გამოდის, "გაზპრომბანკის" წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე დღეში დაუწესეს მას შემდეგ, რაც ჯო ბაიდენმა უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე შეტევისთვის ამერიკული შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების გამოყენების ნება დართო.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ახალ სასანქციო პაკეტში "გაზპრომბანკის" გარდა 50 მცირე და საშუალო ზომის რუსული ბანკებიც და ფინანსურ ინსტიტუტებში მომუშავე 14 მაღალჩინოსანიც მოხვდა. მათ შორის "VTB ბანკის" მაღალი თანამდებობების პირები ჩინეთსა და ინდოეთში. ეს რუსულ საბანკო სისტემას საერთაშორისო საფინანსო სისტემასთან კავშირს ფაქტობრივად უწყვეტს. თავად "გაზპრომბანკში" აცხადებენ, რომ მათზე სანქციები გავლენას ვერ მოახდენს.

"ეს ქმედება კრემლს აშშ-ის სანქციებისგან თავის არიდებას და სამხედროების დაფინანსებას და აღჭურვას გაურთულებს. ჩვენ გავაგრძელებთ გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმას ნებისმიერი ფინანსური არხის წინააღმდეგ, რომელსაც რუსეთი იყენებს უკანონო და არაპროვოცირებული ომის მხარდასაჭერად უკრაინაში", - განაცხადა ჯანეტ იელენმა, აშშ-ის სახაზინო მდივანმა.

ცნობისთვის, "გაზპრომბანკი" რუსეთის უმსხვილესი ბანკია, რომელსაც ნაწილობრივ სახელმწიფო გაზის კომპანია "გაზპრომი" ფლობს. უკრაინა ამერიკას 2022 წლის თებერვლიდან მოუწოდებდა, რომ ბანკისთვის დაეწესებინათ ისეთი სანქციები, რაც "გაზპრომბანკს" "გაზპრომის" ევროპელი მომხმარებლებისგან ბუნებრივი გაზის სანაცვლოდ თანხების მიღების შესაძლებლობას არ მისცემდა.

რუსეთის მთავრობა "გაზპრომბანკს" იყენებს ჯარისკაცებისთვის ხელფასის გადასახდელად, მათ შორის საბრძოლო პრემიების და ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებისთვის კომპენსაციის ასანაზღაურებლადაც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები