აშშ-მა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი დაამტკიცა - . ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და სახაზინო დეპარტამენტი ავრცელებენ. სანქციების ძირითადი სამიზნე რუსეთის ფედერაციის სამხედრო სექტორია, რომელიც სხვადასხვა შუამავალი კომპანიის გავლით იღებდა აკრძალულ პროდუქციას. სანქცირებულთა შორის შორის არიან პირები და კომპანიები თურქეთიდან, ჩინეთიდან და არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან.
ამასთანავე, სახელმწიფო დეპარტამენტი აქვეყნებს ინფორმაციას რუსეთის მოქალაქის არტურ პეტროვის დაკავების შესახებ. სახდეპის თანახმად ის ფულის გათეთრების საერთაშორისო სქემის სათავეში იდგა და ის სექტემბერში აშშ-ის მოთხოვნით კვიპროსში დააკავეს. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, მან რუსული კომპანიებისთვის ამერიკული წარმოების ელექტრონული ტექნოლოგიების შესაძენად სანქციების გვერდის ავლის რთული სქემა დააორგანიზა.
გარდა ამისა, აშშ-მა რუსეთის საბანკო და ტექნოლოგიური სექტორის წინააღმდეგ გააფართოვა სანქციები, რომლებიც ჩართულნი არიან მოწინავე ტექნოლოგიების დაფინანსებაში, კვლევაში, შემუშავებასა და იმპორტში.
აშშ-ის სანქციების ქვეშ ასევე მოხვდა სანქტ-პეტერბურგის საფონდო ბირჟა და შვიდი კომერციული ბანკი.
სახდეპმა დაასანქცირა კომპანია, რომელიც ციმბირში გათხევადებული ბუნებრივი აირის პროექტის განხორციელებით არის დაკავებული. პროექტი ცნობილია, როგორც Arctic-2 LNG, რომლის მიზანიც ბუნებრივი აირის მსოფლიო ბაზრებზე გატანაა.
სახდეპის განცხადების თანახმად, სანქციები შეეხო დრონების მწარმოებელ კომპანიებს: Level Aerosystems CST-სა და ZALA AERO-ს. ეს კომპანიები აპროექტებენ და აწარმოებენ დრონებს, რომელთაც შემდეგ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს აწვდიან.
სანქცირებულთა სიაში არის ამ კომპანიების მფლობელი ალექსანდრ ზახაროვი, მისი მეუღლე და შვილები. ზახაროვი KUB-BLA-ისა და Lancet-ის ტიპის დრონების დიზაინერი და შემქმნელია.
აშშ-მ დაასანქცირა ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის ძმისშვილი იაკუბ სალმანოვიჩ ზაკრიევი, რომელიც შპს Danone Russia-ს გენერალური დირექტორი ფრანგული კომპანია Danone-ის რუსული აქტივების ნაციონალიზაციის შემდეგ გახდა.