თურქეთში ამერიკის ელჩის ტომ ბარაკის განცხადებით, აშშ-მა სომხეთსა და აზერბაიჯანს შესთავაზა ზანგეზურის დერეფანი ამერიკამ მართოს.
მიმდინარე წლის მარტში სამშვიდობო შეთანხმების ტექსტის სამუშაო ვერსიაზე შეთანხმების მიუხედავად, აზერბაიჯანი ჯერჯერობით ხელმოწერაზე უარს ამბობს და სომხეთს სხვადასხვა პირობას უყენებს. ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ზანგეზურის დერეფანს ეხება, რომლითაც სომხეთის გავლით აზერბაიჯანი ნახიჩევანს უნდა დაუკავშირდეს. კერძოდ, ზანგეზურის დერეფანი არის გზა, რომლითაც აზერბაიჯანი სომხეთის გავლით საკუთარ ექსკლავს, ნახიჩევანს დაუკავშირდება. აზერბაიჯანი წინააღმდეგია დერეფანზე კონტროლი ერევანს ჰქონდეს, თავის მხრივ სომხეთი აცხადებს, რომ დერეფანს განიხილავს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ სომხეთის ტერიტორიაზე შესვლა-გამოსვლისას საბაჟო კონტროლი იარსებებს.
“ისინი 32-კილომეტრიან გზაზე დაობენ, მაგრამ ეს უმნიშვნელო საკითხი არ არის, ათწლეულია ჭიანურდება. ასე რომ რაც მოხდება იქნება, რომ ამერიკა იტყვის: კარგი ჩვენ ავიღებთ, მოგვეცით 32-კილომეტრიანი გზა ასწლიანი იჯარით და მისი გაზიარება შეგეძლებათ ყველას” - უთხრა აშშ-ის ელჩმა თურქეთში ჟურნალისტებს.




























