მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-მა ვენესუელასთან დაკავშირებული მე-7 ტანკერი დააკავა

ტანკერი

აშშ-ის სამხედრო ძალების განცხადებით, ვენესუელასთან დაკავშირებული რიგით მეშვიდე ნავთობტანკერი დააკავეს.

აშშ-ის სამხრეთის სარდლობამ, რომელიც ლათინურ ამერიკაში სამხედრო ოპერაციებს კურირებს, განაცხადა, რომ ხომალდი Motor Vessel Sagitta იმ ბლოკადის ფარგლებში დააკავეს, რომელიც ვენესუელაში შემავალ და იქიდან გამავალ ნავთობმზიდებს ეხება.

„კარიბის ზღვაში სანქცირებული გემების მიმართ პრეზიდენტ ტრამპის მიერ დაწესებული კარანტინის დარღვევის გამო კიდევ ერთი ტანკერის დაკავება ადასტურებს ჩვენს გადაწყვეტილებას, ვენესუელა მხოლოდ იმ ნავთობმა დატოვოს, რომელიც სათანადოდ და კანონიერად არის კოორდინირებული“, - ნათქვამია SOUTHCOM-ის განცხადებაში.

უწყების განმარტებით, ტანკერის დაკავებამ „ინციდენტის გარეშე“ ჩაიარა. სარდლობამ ასევე გაავრცელა ვიდეომასალა, რომელშიც, სავარაუდოდ, ჩანს, როგორ მიფრინავენ აშშ-ის ძალები ხომალდისკენ და მის გემბანზე ეშვებიან.

აშშ-მა სანქცირებული ტანკერების დაკავება 10 დეკემბრიდან დაიწყო.

აღსანიშნავია, რომ ვენესუელას ექსპრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს დაკავების შემდეგ ქვეყნიდან ნავთობის ექსპორტი მნიშვნელოვნად, დღეში 400,000 ბარელამდე შემცირდა და ვაჭრობა მხოლოდ ამერიკულ ნავთობგიგანტ Chevron-თან დაკავშირებული ხომალდებით ხორციელდება. ყველა სხვა გემი კი “ჩრდილოვანი ფლოტის” ნაწილად აღიქმება და აშშ-ის ჯარების მიერ დაკავებას ექვემდებარება. როგორც ირკვევა, ამჟამად საერთაშორისო წყლებში ვენესუელასთან დაკავშირებული, სანქცირებული ათასამდე ხომალდი მოძრაობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები