ამერიკელი სენატორი და "ქართველი ხალხის აქტის" თანაავტორი, რესპუბლიკელი ჯიმ რიში პარლამენტის მიერ რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას X-ის საშუალებით ეხმაურება და აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობამ აშშ-ისგან მიღებული სარგებლით ვეღარ უნდა ისარგებლოს.
"ამ ნაბიჯით, საქართველოს მთავრობა მტკიცედ დაშორდა თავისუფალი და დემოკრატიული საზოგადოების შენების პროცესს. მიუხედავად იმისა, რომ აშშ ქართველი ხალხის მხარდაჭერას გააგრძელებს, მათმა მთავრობამ აშშ-ის დახმარებისგან სარგებელი აღარ უნდა მიიღოს", - წერს ჯიმ რიში.
შეგახსენებთ, რომ სენატორებმა, ჯიმ რიშმა და ჯინ შაჰინმა, ორპარტიული "ქართველი ხალხის აქტი" ამერიკის სენატს 23 მაისს წარუდგინეს. აღნიშნული კანონპროექტი, დამტკიცების შემთხვევაში, მოგზაურობის აკრძალვას და სხვა სანქციებს დააწესებს იმ ქართველი პოლიტიკოსების წინააღმდეგ, რომლებსაც ბრალი ედებათ "საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში ხელის შეშლაში".