მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ: რუსეთში საქართველოს გავლით ელექტროტექნიკის ტრანზიტი გაზრდილია

644f8787bbea0
შოთა ტყეშელაშვილი
01.05.23 13:58
798
შეერთებული შტატების სანქციების კოორდინატორი ჯიმ ობრაიენი „ამერიკის ხმასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ რუსეთში ზოგიერთი ელექტრონული საქონლის ტრანზიტი, მათ შორის საქართველოდანაც, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. გასული წლის ბოლომდე ეს კანონიერი ვაჭრობა იყო, თუმცა მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა და დიდი შვიდეულის ქვეყნებმა ამ პროდუქციის ექსპორტზე შეზღუდვები დააწესეს, ეს სანქციების საფუძველი გახდება.

„კრიტიკული ელექტრონიკა რუსეთში მესამე ქვეყნების გავლით შედის. ეს შეიძლება ამ ქვეყნებში ვიღაცისთვის კარგ ბიზნეს შესაძლებლობად გამოიყურებოდეს, მაგრამ დღეისთვის მათ უკვე უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ ვამბობთ, რომ ამ ნივთების ნაწილი ბრძოლის ველამდე აღწევს. ასე რომ, იქნება ეს ბიზნესის მფლობელი რომელიმე ამ ქვეყანაში, თუ გამყიდველი სადმე სხვაგან, ისინი რულეტს თამაშობენ. მათ შეიძლება იციან, ან შეიძლება არ იციან, რომ სანქციებს არღვევენ“, - უთხრა ობრაიანმა „ამერიკის ხმას“.

მან სანქციების პოტენციური დამრღვევები გააფრთხილა და თქვა, რომ „ისინი ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ.

ობრაიენს მოლოდინი აქვს, რომ საქართველოდან ამ სახის ტრანზიტი მნიშვნელოვნად შემცირდება და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს ყველა ქვეყანა დაიცავს, რადგან „ეს არის გაეროს წესდების აშკარა დარღვევა და სანქციებისა და ექსპორტის კონტროლის საფუძველი“.

ობრაიანმა საქართველოს მხრიდან სანქციების დაცვის სხვა ასპექტებზეც ისაუბრა და თქვა, რომ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან შეერთებული შტატები სისტემატურად მუშაობს ყველაზე მეტად მგრძნობიარე ნივთების იდენტიფიცირებასა და მათი ექსპორტის შეჩერებაზე.

რაც შეეხება რუსეთის ეკონომიკაზე სანქციების გავლენას, ობრაიენს მიაჩნია, რომ პირდაპირი ეკონომიკური გავლენის გარდა, რუსეთზე დაწესებულ სანქციებს ქვეყნის მომავალზე გრძელვადიანი გავლენა ექნება.

„ვფიქრობ, შევდივართ პერიოდში, როდესაც ახალი ტექნოლოგიების კრებული გლობალურ ეკონომიკას შეცვლის. ამაში შედის ხელოვნური ინტელექტი, კვანტური გამოთვლები, მწვანე რევოლუცია, ციფრული რევოლუცია, მიიღწევები ბიოინჟინერიაში. ვფიქრობ, ეს იქნება ეკონომიკური ზრდის შემდეგი დიდი ტალღის საფუძველი, ისევე როგორც ორთქლი იყო 250 წლის წინ. რუსეთი ამ სექტორებში მოთამაშე არ არის. მისი უნიჭიერესი ხალხი ქვეყნიდან მიდის, ბევრი მათგანი, მაგალითად, საქართველოში თუ სხვაგან. ხუთი, ათი წლის შემდეგ რუსეთს რომ შევხედოთ, ვფიქრობ, რუსეთისთვის შედეგი ძალიან სავალალო იქნება. ჩვენი გათვლებით, რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტი ამ ათწლეულის ბოლომდე 20%-ით ნაკლები იქნება ვიდრე ის საქნციების გარეშე იქნებოდა“ - ამბობს ის.

ცნობისთვის, სანქციების ეფექტზე BMG-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმაც, რომელმაც განაცხადა, რომ რუსეთი ამჟამად სამოქალაქო დანიშნულების ელექტროსაქონლის ნაწილში არსებულ კომპონენტებს სამხედრო მიზნებისთვის იყენებს. 

"სანქციები საკვანძო კომპონენტია იმისთვის, რომ რუსეთის ომი უკრაინაში შეწყდეს. ხელი შევუშალოთ რუსეთს, რომ შეივსოს თავისი სამხედრო მარაგები – ჩვენ ვხედავთ რა მიზნებისთვის იყენებენ ისინი საყოფაცხოვრებო მოხმარების საგნებს – მობილურებს, სარეცხ მანქანებს იმისთვის, რომ მიიღონ ის კომპონენტები სანქციებისთვის თავის არიდების გზით, რაც სჭირდებათ ჭურვების დასამზადებლად, რომლებსაც შემდეგ რუსეთი სკოლების, ბაღების, საცხოვრებელი სახლების დასაბომბად იყენებს. ამდენად ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ აქ ადამიანების სიცოცხლეებზე ვსაუბრობთ“, - განაცხადა ელჩმა.

კელი დეგნანი აქვე მადლიერებას გამოხატავს იმ მჭიდრო თანამშრომლობის, რაც საქართველოს მთავრობასთან ამ მიმართულებით არსებობს. მისი თქმით, მათაც [საქართველოს მთავრობას] ესმის, რა დევს სასწორის პინაზე - უკრაინელების სიცოცხლე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები