საქართველოს ვიცე-პრემიერის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, "მეგობარი აქტი", რომელიც საერთოდ არ არის მეგობრული, აშშ-ის წინა ადმინისტრაციის ინერციის გაგრძელება.
როგორც ლევან დავითაშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლებას აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან ძალიან კარგი დიალოგი აქვს. დავითაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები აღდგება და თვისობრივად ახალ ეტაპზეც გადავა.
"მეგობარ აქტი კარგი მაგალითია იმის, თუ როგორ შეიძლება ინერციით რაღაც პროცესები გაგრძელდეს. როდესაც ჩვენ ვხედავთ ახალი ადმინისტრაციის ახალ პრიორიტეტებს აშშ-ში, ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი დიალოგი ახალ ადმინისტრაციასთან. ვფიქრობ, მოლოდინები გვაქვს იმის, რომ ჩვენ ბევრად გაუმჯობესებული თანამშრომლობა გვექნება, მათ შორის, ეკონომიკის მიმართულებით აშშ-სთან. რა თქმა უნდა, ამას დრო სჭირდება. ამასთან ელჩი მჭიდრო კავშირშია, ის წარმოადგენს ადმინისტრაციას, აღმასრულებელ ხელისუფლებას, ის საუბრობს ახალი მთავრობის სახელით და ჩვენ გვქონდა საუბარი თანამშრომლობაზე, თანამშრომლობის პერსპექტივებზე, გაღრმავებაზე, მათ შორის, ეკონომიკაზე და ეკონომიკის მიმართულებით რა პრიორიტეტები შეიძლება იყოს ამ თანამშრომლობის ძირითადი საგანი. აქედან გამომდინარე ვსაუბრობ მე.
ერთის მხრივ, აშშ-ში არის ახალი ადმინისტრაცია, ახალი პრიორიტეტებით, მიზნებით და ამოცანებით, მათ შორის, იდეოლოგიით, რომელიც სრულად თანხვედრაშია ჩვენი ხელისუფლების იდეოლოგიასთან, ღირებულებებთან და ხედვასთან. ეს წინა პირობები ქმნის კარგ საფუძველს იმისა, რომ ამაზე ჩვენ ავაშენოთ თანამშრომლობა და სტრატეგიული თანამშრომლობის შეიმეცნება, რომელიც ორ ქვეყანას შორის არსებობს. სამწუხაროდ, ინა ადმინისტრაციამ შეაჩერა და დააზიანა ჩვენი ურთიერთობები, გარკვეულ წილად დროში შეაფერხა ეს დინამიკა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი აღდგება და განახლდება. მე იმედი მაქვს, რომ თვისობრივად და ხარისხობრივად ახალ ეტაპზეც შეიძლება გადავიდეს. თუმცა ამას დრო სჭირდება. მეორეს მხრივ, ჩვენ ვხედავთ ინერციას, რომელიც წინა ადმინისტრაციის პერიოდიდან მომდინარეობს. "მეგობარი აქტი" ზუსტად ამ ინერციის გაგრძელებაა. ეს არანაირად მეგობარი არ არის და არც მეგობრული არ არის, არ ჯდება მეგობრობის კონტექსტში. თუმცა, მეც იმ ადამიანების რიგში ვარ, ვისაც აქვს მოლოდინი, რომ ეს აქტი მიღებული არ იქნება საბოლოოდ. როგორც წარმომადგენელთა პალატაში, ისე სენატში არსებობს უამრავი მხარდამჭერი, იგივე ღირებულებებით და იდეოლოგიით თანამოაზრე, პოლიტიკოსი აშშ-ში, რომელიც რა თქმა უნდა ეწინააღმდეგება ამ აქტს. მათ შორის, მხარს უჭერს საქართველოსა და აშშ-ს შორის ეკონომიკური და არა მხოლოდ ეკონომიკური ურთიერთობების გადატვირთვას", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.




























