ამერიკის შეერთებული შტატების აღმოსავლეთ და ყურის სანაპიროებზე პორტები კვლავ გაიხსნა - ნავსადგურების გაფიცულმა თანამშრომლებმა - მტვირთავებმა და ოპერატორებმა - ხელფასების შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს და ნახევარი საუკუნის განმავლობაში ინდუსტრიის ყველაზე მასშტაბური შეფერხებაც შეაჩერეს, თუმცა ლოგისტიკური წესრიგის დაბრუნებას გარკვეული პერიოდი დასჭირდება - ამის შესახებ Reuters-ი წერს.
გაფიცვა ინდუსტრიისთვის მოსალოდნელზე ადრე დასრულდა. მედიის ინფორმაციით, 2 დღის წინ დაწყებული მასშტაბური პროტესტის გამო, შეერთებული შტატების პორტებში შეფერხდა 54 საკონტეინერო გემის გადმოტვირთვის პროცესი, რამაც სხვადასხვა ტიპის პროდუქტის, სურსათის თუ ავტონაწილების დეფიციტის საფრთხე გააჩინა. არსებობს ვარაუდი, რომ პორტებში ჩამოსატვირთი გემების რაოდენობა გაიზრდება.
ფინანსური პლატფორმა Xeneta ვარაუდობს, რომ ტვირთის ტრანსპორტირების ჩვეული პროცესების აღდგენა 2-3 კვირა დასჭირდება.
პორტის თანამშრომლებისა და პროფკავშირების ინფორმაციით, გარიგება, რომელიც ხუთშაბათს, გვიან ღამით შედგა, 6 წლის განმავლობაში ხელფასების 62%-ით ზრდას ითვალისწინებს, რაც საათობრივ ანაზღაურებას $64-მდე ზრდის, ნაცვლად დღეს არსებული $39-სა.
ნავსადგურებში მტვირთავებისა და ოპერატორების გაფიცვამ ლოგისტიკური კომპანიების აქციების ფასებზეც იმოქმედა. ევროპული კომპანია A.P. Moeller-Maersk -ის აქციები 7.7%-ით შემცირდა, Hapag-Lloyd-ის - 12.4%-ით, ხოლო შვეიცარიული სატრანსპორტო კომპანია Kuehne und Nagel-ის აქციების ღირებულება 1.8%-ით შემცირდა.
JP Morgan-ის ანალიტიკის თანახმად, გაფიცვა ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკას დღეზე $5 მილიარდი დაუჯდა.
აშშ-ის აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროებზე არსებული პორტების ათასობით თანამშრომელი 2 ოქტომბერს გაიფიცა. აღნიშნული პორტები შეერთებულ შტატებში შესასვლელი ტვირთის ნახევარზე მეტს ემსახურება. შესაბამისად, გაფიცვამ 1977 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური შეფერხება გამოიწვია. გაფიცული მხარე ხელფასების ზრდასთან ერთად, გემებში ტვირთის ჩასატვირთი და გადმოსატვირთი ავტომატური ამწეების გამოყენებასაც აპროტესტებდნენ.