მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საირმემ“ გაფიცულებს ხელფასები არ დაურიცხა“ – რა ხდება გაფიცვის მეშვიდე დღეს?

63f1f9470e01f
ვიქტორია მღებრიშვილი
19.02.23 14:56
1128
ბაღდათის მუნიციპალიტეტში, კომპანია „საირმე მინერალ ვოთერსის“ ქარხნის ტერიტორიაზე დასაქმებულთა პროტესტი გრძელდება. აგრო მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირის ორგანიზებული გაფიცვის მე-7 დღეს, გაფიცულები კომპანიის მხრიდან შრომითი უფლებების მინიმალური სტანდარტების დაკმაყოფილებას ითხოვენ. ამის შესახებ Labor-ის ხელმძღვანელმა გიორგი დიასამიძემ Facebook-ზე ვიდეო ჩართვისას ისაუბრა.

მისი ინფორმაციით, გაფიცულთა რაოდენობა იზრდება და მათ კომპანიის თანამშრომლების გარდა სხვა ორგანიზაციის წარმომადგენლებიც უერთდებიან.

„დამსაქმებელი გარკვეული სახის პროვოკაციებს მცდელობები აქვს, თუმცა ჩვენ ამას არ დავუშვებთ. ვფიქრობ, სახელმწიფომ ამ ყველაფერს ყურადღება უნდა მიაქციოს იქიდან გამომდინარე, რომ აქ არსებულ მდგომარეობაზე სრული პასუხისმგებლობა დამსაქმებელს ეკისრება. მათ გაფიცულებისთვის თავისი კუთვნილი სახელფასო ანაზღაურება არ დაურიცხავთ და იმ პირების, რომლებიც პროფკავშირის წევრები არ იყვნენ, მათ დაურიცხათ.

გაფიცულთა რაოდენობა გაიზარდა. ჩვენ შრომითი უფლებების მინიმალური სტანდარტებისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ. არაფერ განსაკუთრებულს ეს ადამიანები არ ითხოვენ“, - განაცხადა გიორგი დიასამიძემ.

გაფიცულთა განმარტებით, კომპანია სახელფასო ანაზღაურებას ყოველი თვის 17 რიცხვამდე რიცხავს, თუმცა გაფიცულებს ხელფასები დღემდე არ დარიცხვიათ. 

მათივე ცნობით, დიდთოვლობიდან გამომდინარე გაფიცულებთან კომუნიკაცია რთულია. მათ არ აქვთ წვდომა ინტერნეტთან; შეფერხებულია სატელეფონო კავშირი. დამსაქმებელი და ხელისუფლება კი ამ დრომდე დუმან.

ცნობისთვის: აგრარული მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირმა „საირმე მინერალ ვოთერსის“ ქარხნის დასაქმებულთა გაფიცვა 8 თებერვალს დააანონსა და შესაბამისი წერილი ჯანდაცვის მინისტრსა და კომპანიის მენეჯმენტს გაუგზავნა.

მათი ინფორმაციით, დღეისთვის, ბაღდათის რაიონში მოქმედი ქარხნის 27 თანამშრომელი ითხოვს შრომითი ანაზღაურების დარიცხვას ყოველი თვის 15 რიცხვამდე და საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ინფლაციის მიხედვით ხელფასების ინდექსაციას; ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურებას; მე-13 ხელფასს; ღამის ცვლაში მუშაობის ორმაგ ანაზღაურებას; კვების დანამატს; შრომით ხელშეკრულებას მძღოლებისთვის; საპენსიო შენატანის გადახდა დამსაქმებლის მიერ; საწარმოსთან მისასვლელი გზის შეკეთებას; შენობის გათბობით უზრუნველყოფას და მენეჯმენტში ცვლილებას.

კომპანიის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, „საირმე მინერალ ვოთერსი“ დასაქმებულებს რეგიონში ყველაზე მაღალ ხელფასს უხდის, რაც 1500 ლარითაა განსაზღვრული. ასევე ისინი ამბობენ, რომ მენეჯმენტი დასაქმებულებთან კონსტრუქციული მოლაპარაკებებისთვის მზად არის. კომპანიის ამ განცხადებას გაფიცულთა უფლებადამცველი პროფკავშირში არ ეთანხმებიან და სიცრუეს უწოდებენ. მათი ცნობით, დასაქმებულთა დარიცხული სახელფასო ანაზღაურება 800 ლარს არ აღემატება. გაფიცულები და მათი უფლებადამცველი აგრარული მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირი საქართველოს მთავრობას და პრემიერ-მინისტრს პროცესებში ჩართვის მოთხოვნით მიმართავს. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები