მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მზად ვართ, კონსტრუქციული წინადადებების განხილვისთვის" - "საირმეს" პასუხი გაფიცულებს

63ea313bb398b
ვიქტორია მღებრიშვილი
13.02.23 16:50
989
„საირმე მინერალ ვოთერსის“ ქარხანაში დასაქმებულები 13 თებერვლის დილის 9:00 საათიდან სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით გაიფიცნენ. აგრო მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირის განცხადებით, გაფიცვა მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე გაგრძელდება.

bm.ge-მ გაფიცულ თანამშრომლების საკითხზე და იმაზე, თუ რა რეჟიმში მუშაობს ამ დროისთვის საწარმო,  „საირმე მინერალ ვოთერსს“ მიმართა.

კომპანიის დირექტორის მოადგილე ლევან კასრაძე საუბრისას აქცენტს სამ საკითხზე ამახვილებს. მისი თქმით, ქარხანას მუშაობა არ შეუჩერებია და მუშაობას ის დასაქმებულები აგრძელებენ, რომლებიც გაფიცულებს არ შეერთებიან, თუმცა ზუსტ რაოდენობას არ აკონკრეტებს.

„პროფკავშირების მიერ ორგანიზებულ გაფიცვასთან დაკავშირებით, პირველ რიგში გვინდა აღვნიშნოთ, რომ გაფიცვაში თანამშრომელთა ნაწილია ჩართული და საწარმოო პროცესი გრძელდება. მუშაობას ის თანამშრომლები აგრძელებენ, რომლებიც არ გაფიცულან. ვიმედოვნებთ, რომ გაფიცული თანამშრომლები წარმოების პროცესს ხელს არ შეუშლიან“, - განაცხადა ლევან კასრაძემ.

მისი თქმითვე, მედიაციის პროცესი არ შეჩერებულა, როგორც ამას პროფკავშირებში აცხადებდნენ. ლევან კასრაძე ირწმუნება, რომ მოლაპარაკებების პროცესში მოთხოვნები რამდენჯერმე შეიცვალა, ჩამონათვალი კი გაიზარდა.

„დასაქმებულთა გაერთიანების მხრიდან გაჟღერდა, რომ მედიაციის პროცესი დასრულებულია, თუმცა ეს პროცესი 16 თებერვლის ჩათვლით მიმდინარეობს. კომპანია გაფიცვამდე აქტიურად იყო ჩართული მოლაპარაკების პროცესში და გვქონდა შეხვედრები პროფკავშირებთან. მზად ვიყავით და ვართ განვიხილოთ დასაქმებულთა მხრიდან წარმოდგენილი მოთხოვნები და ჩვენი წინადადებებიც გავაცანით იმისთვის, რომ კონსესუსამდე მივსულიყავით. ჩვენ მიერ გაგზავნილ წინადადებებთან დაკავშირებით კონკრეტული პასუხი მათგან არ მიგვიღია. მოლაპარაკების პროცესში მათი მოთხოვნები რამდენჯერმე შეიცვალა და ჩამონათვალი გაიზარდა. ყოველ ახალ მოთხოვნას ანალიზისთვის დრო სჭირდება, რათა გადაწყვეტილების მიღება გონივრულ ვადაში მოხდეს“, - განმარტა კომპანიის დირექტორის მოადგილემ.

ლევან კასრაძე აცხადებს, რომ კომპანია მზად არის, კონსტრუქციული წინადადებები განხილვისა და ანალიზისთვის ღიად მოისმინოს. ის გაფიცულების მიერ წაყენებული მოთხოვნების ნაწილს პასუხობს და განმარტავს, რომ კომპანიას მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა აქვს, რომელსაც იცავს.

„მოთხოვნათა ნაწილი ვთვლით, რომ უსაფუძვლოა და შეგვიძლია ვთქვათ, რომ თანამშრომელთა საშუალო ხელფასი რეგიონში საშუალოზე მაღალია. ასევე წინა წელს ხელფასის ზრდა რამდენჯერმე აღემატებოდა ინფლაციის მაჩვენებელს. ჩვენი კომპანია სოციალურად პასუხისმგებლიანია - დასაქმებულთა ერთ-ერთი მოთხოვნა საპენსიო შენატანებს შეეხებოდა და გვინდა ვთქვათ, რომ კომპანია საპენსიო გადასახადს იხდის. მოთხოვნათა ნაწილი კომპანიის მხრიდან სრულდება და კანონით განსაზღვრულ ნორმებში მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებას ვცდილობთ.

გაფიცვის დაწყებამდეც და ახლაც მზად ვართ განვიხილოთ მათი მხრიდან წარმოდგენილი კონსტრუქციული წინადადებები“, - უთხრა BM.GE-ს კასრაძემ. 

ცნობისთვის: აგრარული მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირმა „საირმე მინერალ ვოთერსის“ ქარხნის დასაქმებულთა გაფიცვა 8 თებერვალს დააანონსა და შესაბამისი წერილი ჯანდაცვის მინისტრსა და კომპანიის მენეჯმენტს გაუგზავნა.

დღეისთვის, ბაღდათის რაიონში მოქმედი ქარხნის 27 თანამშრომელი ითხოვს შრომითი ანაზღაურების დარიცხვას ყოველი თვის 15 რიცხვამდე და საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ინფლაციის მიხედვით ხელფასების ინდექსაციას; ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურებას; მე-13 ხელფასს; ღამის ცვლაში მუშაობის ორმაგ ანაზღაურებას; კვების დანამატს; შრომით ხელშეკრულებას მძღოლებისთვის; საპენსიო შენატანის გადახდა დამსაქმებლის მიერ; საწარმოსთან მისასვლელი გზის შეკეთებას; შენობის გათბობით უზრუნველყოფას და მენეჯმენტში ცვლილებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები