მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საირმის“ გაფიცულები დამსაქმებლის განცხადებას სიცრუეს უწოდებენ - პროტესტის III დღე

63ecc10ce97b2
ვიქტორია მღებრიშვილი
15.02.23 15:29
735
„საირმის“ ქარხნის გაფიცული თანამშრომლების უფლებადამცველის, აგრო მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირის ხელმძღვანელის გიორგი დიასამიძის განცხადებით, კომპანიის მენეჯმენტის მიერ გავრცელებული განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება. აღნიშნულის შესახებ პროფკავშირის თავმჯდომარემ BM.GE-ს განუცხადა.

დღეს, „საირმე მინერალ ვოთერსის“ მენეჯმენტმა განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვით კომპანია კონსტრუქციული დიალოგისთვის მზად არის და მედიაციის პროცესი 16 თებერვლამდე გრძელდება, თუმცა აღნიშნავენ, რომ გაფიცულები მოლაპარაკებებს თავს არიდებენ. მათივე ცნობით, წარმოების პროცესიც არ შეფერხებულა და ჩამომსხმელი ქარხანა მუშაობას აგრძელებს.

აგრო მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირის ხელმძღვანელის გიორგი დიასამიძე აცხადებს, რომ ქარხანა დღეისთვის 15% ფუნქციონირებს და ქარხნის ყველა დასაქმებული გაფიცულია.

„ქარხანა პარალიზებულია და მუშაობას დაახლოებით 15%-ით ახერხებს. თუმცა ვფიქრობთ, რომ ხვალისთვის სრულად გაჩერდება, რადგან ყველა დასაქმებული გარეთაა და ის ადამიანები, რომლებიც მათ ჩასანაცვლებლად მოიყვანეს, ისინიც ნელ-ნელა სოლიდარულნი ხდებიან დასაქმებულთა მიმართ. ასევე პროტესტის მარგინალიზების მიზნით „საირმეს“ ადმინისტრაცია გარკვეული სახის პროვოკაციებს ცდილობს. ჩვენ ამას არ დავუშვებთ და ვაგრძელებთ გაფიცვას.

დამსაქმებლის განცხადება, რომ მედიაციის პროცესი არ დასრულებულა და ჩვენ არ ვმონაწილეობთ მოლაპარაკებებში სიცრუეა, რადგან კანონმდებლობის მიხედვით, ეს პროცესი დასრულებულია და მეორე - ჩვენ მზად ვართ კონსტრუქციული მოლაპარაკებებისთვის გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან“, - განაცხადა დიასამიძემ.

ამასთან, პროფკავშირის ხელმძღვანელი უარყოფს, რომ დასაქმებულების სახელფასო ანაზღაურება 1500 ლარია, როგორც ამას კომპანია აცხადებს. გიორგი დიასამიძის თქმით, თვეში დასაქმებულები 750-800 ლარს იღებენ, სწორედ ამიტომაა გაფიცულთა ერთ-ერთი მოთხოვნა ხელფასების ინდექსაცია.

პროფკრავშირის თავმჯდომარის ცნობით, გაფიცულებს გუშინ მუნიციპალიტეტის დეპუტატი ბეჟან წაქაძე შეხვდა და დასაქმებულების მედიატორის როლის შესრულებას დაჰპირდა, რაც კომპანიის დირექტორთან შეხვედრას და აღნიშნულ საკითხების განხილვას მოიცავს.

მისივე ინფორმაციით, სურსათის წარმოების უვნებლობის სტანდარტების შესამოწმებლად 14 თებერვალს ქარხანაში სურსათის ეროვნული სააგენტო შევიდა, თუმცა შედეგები მათთვის ჯერ უცნობია.

ცნობისთვის: აგრარული მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირმა „საირმე მინერალ ვოთერსის“ ქარხნის დასაქმებულთა გაფიცვა 8 თებერვალს დააანონსა და შესაბამისი წერილი ჯანდაცვის მინისტრსა და კომპანიის მენეჯმენტს გაუგზავნა.

მათი ინფორმაციით, დღეისთვის, ბაღდათის რაიონში მოქმედი ქარხნის 27 თანამშრომელი ითხოვს შრომითი ანაზღაურების დარიცხვას ყოველი თვის 15 რიცხვამდე და საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ინფლაციის მიხედვით ხელფასების ინდექსაციას; ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურებას; მე-13 ხელფასს; ღამის ცვლაში მუშაობის ორმაგ ანაზღაურებას; კვების დანამატს; შრომით ხელშეკრულებას მძღოლებისთვის; საპენსიო შენატანის გადახდა დამსაქმებლის მიერ; საწარმოსთან მისასვლელი გზის შეკეთებას; შენობის გათბობით უზრუნველყოფას და მენეჯმენტში ცვლილებას.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები