მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ვითხოვთ პრემიერის ჩართულობას“ – „საირმის“ გაფიცული თანამშრომლები

63ef3fb7a19e1
ვიქტორია მღებრიშვილი
17.02.23 13:00
1127
„საირმე მინერალ ვოთერსის“ ქარხანაში დასაქმებულთა პროტესტი გრძელდება. ისინი დამსაქმებლისგან ღირსეულ სამუშაო პირობებს ითხოვენ და პროტესტის გაგრძელებას მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე აპირებენ.

დასაქმებულთა უფლებადამცველი აგრო მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გაფიცვის მეხუთე დღეს ისინი სახელმწიფოს მხრიდან ადეკვატურ რეაგირებას ითხოვენ და პრემიერ-მინისტრს პროცესებში ჩართვის მოთხოვნით მიმართავენ. ამის შესახებ პროფკავშირის Facebook-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, რომელიც პერიოდულად ახლდება.

„საირმე მინერალ ვოთერსის“ დასაქმებულები მეხუთე დღეა გაფიცულები არიან.

ვითხოვთ ადეკვატურ რეაგირებას სახელმწიფოს მხრიდან და პრემიერ-მინისტრის ჩართულობას მიმდინარე პროცესებში.

საწარმოს დასაქმებულები, სრული შემადგენლობით, სიცივის ქარის და დიდთოვლიანობის მიუხედავად დგანან გარეთ და აპროტესტებენ იმ უსამართლო პირობებს, რაშიც წლების განმავლობაში უწევდათ მუშაობა.

სახელმწიფოს აქვს ვალდებულება ყურად იღოს ამ ადამიანების პრობლემები და დაეხმაროს მათ სამართლიანობის აღდგენაში“, - აცხადებენ აგრო მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირში.

მათივე ინფორმაციით, მედიაციის განმავლობაში, რომელიც გაფიცვას წინ უსწრებდა და უშედეგოდ დასრულდა, დასაქმებულთა მოთხოვნების ვერდაკმაყოფილების შესახებ კომპანიას უცვლელ არგუმენტად ის მოჰყავდათ, რომ მათ ამის ფინანსური რესურსის არ ჰქონდათ, თუმცა პროფკავშირებში აცხადებენ, რომ კომპანია გასული წლის განმავლობაში უმსხვილესი ექსპორტიორი კომპანიის ჩამონათვალშია.

ცნობისთვის: აგრარული მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირმა „საირმე მინერალ ვოთერსის“ ქარხნის დასაქმებულთა გაფიცვა 8 თებერვალს დააანონსა და შესაბამისი წერილი ჯანდაცვის მინისტრსა და კომპანიის მენეჯმენტს გაუგზავნა.

მათი ინფორმაციით, დღეისთვის, ბაღდათის რაიონში მოქმედი ქარხნის 27 თანამშრომელი ითხოვს შრომითი ანაზღაურების დარიცხვას ყოველი თვის 15 რიცხვამდე და საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ინფლაციის მიხედვით ხელფასების ინდექსაციას; ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურებას; მე-13 ხელფასს; ღამის ცვლაში მუშაობის ორმაგ ანაზღაურებას; კვების დანამატს; შრომით ხელშეკრულებას მძღოლებისთვის; საპენსიო შენატანის გადახდა დამსაქმებლის მიერ; საწარმოსთან მისასვლელი გზის შეკეთებას; შენობის გათბობით უზრუნველყოფას და მენეჯმენტში ცვლილებას.

კომპანიის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, „საირმე მინერალ ვოთერსი“ დასაქმებულებს რეგიონში ყველაზე მაღალ ხელფასს უხდის, რაც 1500 ლარითაა განსაზღვრული. ასევე ისინი ამბობენ, რომ მენეჯმენტი დასაქმებულებთან კონსტრუქციული მოლაპარაკებებისთვის მზად არის. კომპანიის ამ განცხადებას გაფიცულთა უფლებადამცველი პროფკავშირში არ ეთანხმებიან და სიცრუეს უწოდებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები