აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, ირანთან სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში მაღალი რანგის დელეგაციას აგზავნის და მას ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი უხელმძღვანელებს.
თეთრი სახლის პრესმდივნის, კეროლინ ლევიტის განცხადებით, მოლაპარაკებები შაბათს დილით დაიწყება და მასში პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და ტრამპის სიძე, ჯარედ კუშნერიც მიიღებენ მონაწილეობას.
რაც შეეხება ირანულ მხარეს, მას ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი და პარლამენტის თავმჯდომარე, მოჰამედ ყალიბაფი წარმოადგენენ. ცნობისთვის, ორივე მათგანი შესაძლო სამიზნეების სიიდან ისრაელმა და აშშ-მა ჯერ კიდევ ომის მიმდინარეობისას ამოიღეს.
ვაშინგტონის მიერ პაკისტანში გასაგზავნი მომლაპარაკებლების სია სამშაბათს მიღწეული ორკვირიანი დროებითი ზავის ფონზე გახდა ცნობილი. თუმცა აღსანიშნავია, რომ ამჟამად ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მდგრადობასთან დაკავშირებით კითხვები თავად ჯეი დი ვენნსაც კი აქვს.
შეგახსენებთ, რამდენიმე საათის წინ ირანულმა მედიამ განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტე ისევ ჩაიკეტა და ამის მიზეზად ისრაელის მიერ ლიბანის წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო მოქმედებები დასახელდა. აღსანიშნავია, რომ ოფიციალურმა ვაშინგტონმა ეს ცნობები კატეგორიულად უარყო. ლევიტმა ისიც განაცხადა, რომ თეირანის მხრიდან მსგავსი ნაბიჯის გადადგმა აბსოლუტურად მიუღებელი იქნება.
შეგახსენებთ, რომ ირანსა და ისრაელს შორის დაძაბულობის მორიგი ტალღა რამდენიმე კვირის წინ დაიწყო, რამაც ჰორმუზის სრუტეში ნავიგაციის შეფერხება და გლობალურ ბაზრებზე ენერგომატარებლების ფასების მერყეობა გამოიწვია.




























