მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„აშშ-ს შემდეგ, ჩვენთვის პრიორიტეტული ევროპის ბაზარია“-„ჩემპი“ ექსპორტის გაფართოებაზე მუშაობს

ჩემპი

ვაშლის ჩიფსების მწარმოებელი კომპანია „ჩემპი“ საექსპორტო მასშტაბების გაფართოებაზე მუშაობს - ამის შესახებ BM.GE-სთან კომპანიის საოპერაციო დირექტორმა, ნონა ნონიაშვილმა განაცხადა.

კომპანიაში ტექნოლოგიურად 12 სახეობის ჩიფსი აქვთ შემუშავებული, საიდანაც ამ ეტაპზე ქსელურ მარკეტებში სარეალიზაციოდ, მხოლოდ 4 სახის პროდუქციაა გაშვებული. სრულ ასორტიმენტს კი, მცირე რაოდენობით ონლაინ გაყიდვების საშუალებით ყიდის. ამასთან ექსპორტს აშშ-ს ბაზარზე ახორციელებს.

მისი ინფორმაციით, კომპანია გერმანიაში, „მწვანე კვირეული 2024“-ში იღებდა მონაწილეობას. შედეგად ქართულმა კომპანიამ დიდი ინტერესი დაიმსახურა და ახლა, მოლაპარაკებები ამ ბაზრის წარმომადგენლებთანაც მიმდინარეობს.

„იმისდა მიუხედავად, რომ კომპანიაში მრავალფეროვანი ვაშლის ჩიფსების წარმოება გვაქვს, როგორიცაა ვაშლის ჩიფსი ალუბლის, სტაფილოს და მრავალი სხვა გემოთი, საექსპორტოდ აქცენტს მაინც ორიგინალ გემოებზე ვაკეთებთ. კერძოდ, ქართული ჯიშის მწვანე ვაშლზე, გრანი სმიტზე, აიდარედისა და გოლდენის ვაშლის ჩიფსებზე.

სინგაპურში, ისრაელსა და ავსტრალიაში ნიმუშები გვქონდა გაგზავნილი, რომელიც წარუმატებლად დასრულდა, რადგან ამ ეტაპზე, გადავწყვიტეთ ჩვენი დამატებითი რესურსები უკვე არსებულ საექსპორტო ბაზარზე, აშშ-ში ჩაგვედო.

"მწვანე კვირეული 2024"-ზე ორი გერმანელი იმპორტიორი არის დაინტერესებული, რომლებთანაც მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ვფიქრობთ, აშშ-ს ბაზრის შემდეგ, პრიორიტეტული პირველი ევროპული ბაზარი, კერძოდ კი, გერმანია იქნება.

წელს ვგეგმავთ წარმოების 1.5-ჯერ გაზრდას, რათა არსებულ მოთხოვნას ვუპასუხოთ. ასევე, ონლაინ გაყიდვების მიმართულებითაც გვინდა გააქტიურება,“ - აცხადებს ნონიაშვილი.

როგორც კომპანიის საოპერაციო დირექტორი აღნიშნავს, საწარმოში ამჟამად 13 ადამიანია დასაქმებული. გაზრდილი წარმადობის შემთხვევაში კი, საწარმოში მინიმუმ 3 კადრის დამატება იგეგმება.

ცნობისთვის, "ჩემპი" ვაშლის ჩიფსების მწარმოებელი ქართული კომპანიაა, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე 2018 წელს გამოჩნდა. კომპანია საქართველოს მასშტაბით პროდუქციის რეალიზაციას ქსელურ მარკეტებში ახდენს, როგორიცაა „გუდვილი“, „აგროჰაბი“, „ ნიკორა“, „ზღაპარი“ და „სპარი“. კომპანიაში მოქმედებს ონლაინ მიწოდების სერვისიც. საწარმო კი გორის რაიონ, სოფელ დიცში, საოკუპაციო ხაზთან ახლოს მდებარეობს და მისი მიზანი, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ქალების ეკონომიკური მდგრადობაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები