მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აშშ-სა და ტაივანს შორის სავაჭრო შეთანხმება გაფორმდა

აშშ და ტაივანი

ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ტაივანს შორის ახალ სავაჭრო შეთანხმებას მოეწერა ხელი. გარიგება არამარტო ტარიფების შემცირებას, არამედ ნახევარგამტარების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას გულისხმობს.

კერძოდ, ჩიპების მწარმოებელი ტაივანური გიგანტი, TSMC აშშ-ში მდებარე ქარხანას მნიშვნელოვნად გააფართოებს, ამ მრავალმილიარდიანი ინვესტიციის სანაცვლოდ მის მიერ წარმოებულ ნახევარგამტარებზე დაწესებული ტარიფები თითქმის სრულად განულდება. ეს იმ ფონზე, როცა ყველა სხვა ტაივანურ ტექნოლოგიურ კომპანიას 15%-დან 20%-მდე ტარიფები აქვს დაწესებული. იმპორტზე დაწესებული გადასახადის გაუქმება შეეხება ფარმაცევტულ ინდუსტრიასაც. ტარიფები განულდება საავიაციო კომპონენტებზეც. სანაცვლოდ, ტაივანური კომპანიები ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჯამურად, $500 მილიარდის ინვესტიციებს განახორციელებენ.

როგორც თეთრ სახლში აცხადებენ, ეს გარიგება უზრუნველყოფს, რომ ტექნოლოგიური სექტორისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ტაივანური ჩიპების 40%-ის წარმოება აშშ-ის ტერიტორიაზე მოხდეს. ეს კი ქვეყანასა და მის ინდუსტრიულ მოთამაშეებს ჩინეთიდან მომავალი ეროვნული საფრთხეებისაგან დაცვის დამატებით საფარს შეუქმნის. ამ კუთხით გამორჩეულია TSMC-ს გადაწყვეტილება, რომ არიზონას შტატში დამატებით რამდენიმე საწარმო ობიექტი ააშენოს.

ანალიტიკოსები შიშობენ, რომ ტაივანთან პირდაპირი სავაჭრო შეთანხმების დადებით აშშ ჩინეთთან მიმდინარე მოლაპარაკებებს სერიოზულ რისკს შეუქმნის და საპასუხო რეაგირებას გამოიწვევს. როგორც ცნობილია, ოფიციალური პეკინი ტაივანს საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს და უარყოფითად რეაგირებს ოფიციალურ ტაიპეისთან აშშ-ის ნებისმიერ ისეთ კომუნიკაციაზე, რომელიც ჩინეთის გავლით არ ხდება. შეგახსენებთ, აპრილის თვეში ჩინეთში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სახელმწიფო ვიზიტია დაგეგმილი. შესაბამისად, ამ თემამ შეიძლება მოლაპარაკებებს ხელი შეუშალოს. ექსპერტები დამატებით გამოწვევად ასახელებენ შტატების უზენაესი სასამართლოს მიერ დონალდ ტრამპის სატარიფო პოლიტიკის საკითხის განხილვას. არსებობს ალბათობა, რომ მოსამართლეებმა ტარიფები არაკონსტიტუციურად გამოაცხადონ. ამ გადაწყვეტილების ფონზე კი “ინვესტიციების სანაცვლოდ ტარიფების შემცირების” პოლიტიკა სერიოზული რისკის ქვეშ დგება. თუ დადგინდება, რომ დაწესებული ტარიფები კანონმდებლობას ეწინააღმდეგება, სავარაუდოდ, აღარც ის ინვესტიციები განხორციელდება, რომლებიც ახალი სავაჭრო შეთანხმებების ფარგლებში დაანონსდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები