ჩიპების უმსხვილესმა ტაივანურმა მწარმოებელმა, TSMC-მ აგვისტოში სარეკორდო შემოსავალი მიიღო. AI-სექტორიდან მზარდი მოთხოვნის ფონზე, კომპანიის შემოსავალმა გასულ თვეს $16.4 მილიარდი შეადგინა. ეს მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 53.3%-ით, ხოლო ივლისთან შედარებით 10.1%-ით არის გაზრდილი და ახალი ისტორიული მაქსიმუმია.
ცხადია, შემოსავლების მკვეთრ ზრდას ხელოვნური ინტელექტის სერვერების პროცესორებზე არსებული მაღალი მოთხოვნა განაპირობებს. ტექნოლოგიური გიგანტის 5, 4 და 3-ნანომეტრიანი ჩიპების წარმოების სიმძლავრეები სრულად დაჯავშნილია და ახალი შეკვეთების მიღება დროებით შეზღუდულია.
TSMC-ის წარმომადგენელთა განცხადებით, ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული მოთხოვნა ექსტრემალურად მაღალ დონეზე ნარჩუნდება. კომპანიის მეორე კვარტალის წმინდა მოგება წლიურად 77%-ით გაიზარდა, ხოლო მესამე კვარტალში ის $44.6 მილიარდიდან $45.8 მილიარდამდე შემოსავალს ელოდება.
ცნობისთვის, TSMC-ი მსოფლიოში უმსხვილესი ჩიპების მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც კომპიუტერულ ჩიპებს ისეთი გლობალური გიგანტებისთვის ამზადებს, როგორებიც არიან: Apple, Nvidia და AMD.
























