მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ საქართველოს $95 მილიონის დახმარებას უჩერებს - ბლინკენი

ენტონი ბლინკენი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ აშშ საქართველოს 95 მლნ აშშ დოლარის დახმარებას უჩერებს - ბლინკენის განცხადებას, რომელსაც სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს, უცვლელად გთავაზობთ:

“23 მაისს, საქართველოს მთავრობის მიერ ანტიდემოკრატიული ქცევის შედეგად, გამოვაცხადე, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის ორმხრივი ურთიერთობები გადაიხედებოდა. განხილვის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატები აჩერებს საქართველოსთვის $95 მილიონიან დახმარებას, რომლითაც პირდაპირ სარგებლობს საქართველოს მთავრობა.

საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქცევა და მცდარი განცხადებები შეუთავსებელია EU-სა და NATO-ს წევრობის ნორმებთან. მიუხედავად იმისა, რომ ამ ქმედებების გამო საქართველოს მთავრობის დახმარებას ვაჩერებთ, შეერთებული შტატები აგრძელებს პროგრამებსა და აქტივობებს, რომლებიც ეხმარებათ ქართველ ხალხს დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, მედიადამოუკიდებლობისა და ეკონომიკური განვითარების გაძლიერებით.

ჩვენს ორ ქვეყანასა და მათ მოქალაქეებს შორის მეგობრობისა და პარტნირობის 32 წლის მანძილზე, ამერიკელმა ხალხმა საქართველოს $6.2 მილიარდის დახმარება უკვე გადასცა, რამაც წვლილი შეიტანა საქართველოს ეკონომიკური და დემოკრატიული ინსტიტუციების გაძლიერებაში. ჩვენმა დახმარებამ ხელი შეუწყო საქართველოს თავდაცვის ძალებისა და სასაზღვრო დაცვის გაძლიერებასა და გაწრთვნას, სკოლებისა და საავადმყოფოების აშენებას, მასწავლებლების, საჯარო მოსამსახურეებისა და ჯანდაცვის პროფესიონალების გადამზადებას. ჩვენ ვრჩებით ქართველი ხალხისა და მათი ევროატლანტიკური მისწრაფებების ერთგული”, - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა.

ცნობისთვის, დასავლეთის მიერ გაკრიტიკებული ე.წ. რუსული კანონი ძალაში ხვალიდან, 1-ელი აგვისტოდან შედის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები