მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ საქართველოსთვის განიხილავს სავაჭრო პაკეტს და ვიზალიბერალიზაციას, თუ ანტიდემოკრატიულ სვლას შეწყვეტს - Politico

აშშ

აშშ საქართველოსთვის სავაჭრო პაკეტს და ვიზალიბერალიზაციას განიხილავს, თუ ანტიდემოკრატიულ სვლას შეწყვეტს - ინფორმაციას Politico ავრცელებს და წერს, რომ ამის შესახებ ნათქვამია ამერიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის მიერ შემუშავებულ კანონპროექტში.

კანონპროექტის სახელია MEGOBARI Act (Mobilizing and Enhancing Georgia’s Options for Building Accountability, Resilience, and Independence Act – საქართველოს შესაძლებლობის გაძლიერებისა და მობილიზაციის აქტი ანგარიშვალდებულების, მდგრადობისა და დამოუკიდებლობის გაზრდის მიზნით).

დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს მთავრობა თუ უარს იტყვის ანტიდასავლურ რიტორიკაზე და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით უკუსვლას შეაჩერებს, მაშინ აშშ დაიწყებს მოლაპარაკებებს საქართველოსთვის „მყარი შეღავათიანი სავაჭრო რეჟიმის“ გახსნაზე და საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციაზე.

კანონპროექტი ოფიციალურ პირებს საქართველოსთვის ასევე ავალდებულებს სამხედრო მხარდაჭერის პაკეტის შემუშავებას, მათ შორის „უსაფრთხოებისა და თავდაცვის შესაძლებლობების უზრუნველყოფას, რომელიც რუსული აგრესიისგან ტერიტორიული თავდაცვისთვის და მასთან დაკავშირებული სასწავლო, ტექნიკური ელემენტებისთვის იქნება გამიზნული“.

ნათქვამია, რომ აღნიშნული პირობებით პროგრამა იმ შემთხვევაში ამოქმედდება, თუ აშშ დაადასტურებს, რომ საქართველომ დემოკრატიის აღდგენის მიმართულებით მნიშვნელოვანი და მდგრადი პროგრესი აჩვენა, ეს პროგრესი კი მინიმუმ, სამართლიან, თავისუფალ არჩევნებში და დაბალანსებულ წინასაარჩევნო გარემოში გამოიხატება.

ასევე, Politico-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კანონპროექტი, რომელსაც ჯო უილსონი ამერიკის კონგრესში წარადგენს, ქართველი პოლიტიკოსების სანქცირებას ითვალისწინებს.

როგორც გამოცემა წერს, იმ მაღალჩინოსნებს, რომლებიც საქართველოში რუსული სტილის „აგენტების კანონის“ მიღებაზე არიან პასუხისმგებლები, შესაძლოა აქტივების გაყინვა და მოგზაურობის აკრძალვა დაემუქროთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები