მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ში ავტომობილების ფასები მკვეთრად შემცირდა

ავტომობილები

ავტომობილების ბაზარზე მაღალი ვოლატილობა ისევ ნარჩუნდება - ამერიკის შეერთებული შტატების მასშტაბით წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მეორადი ავტომობილების ფასები საშუალოდ 10.3%-ით შემცირდა, რაც ვარდნის მკვეთრი მაჩვენებელია. აღნიშნული სტატისტიკა Manheim-ის აუქციონის მონაცემებს ეყრდნობა და ის მხოლოდ საბითუმო ვაჭრობის ფასებს ითვალისწინებს და არა საცალო ან სააუქციონო გარიგებებს.

ვარდნის ყველაზე მკვეთრი ტენდენცია სპორტული კლასის ავტომობილებთან მიმართებით ფიქსირდება, მათი ფასები წლიურად 15%-ით შემცირდა; სედანები საშუალოდ 7%-ითაა გაიაფებული; პიკაპების ღირებულება კი 6.6%-ითაა შემცირებული.

Manheim-ის ინდექსი 1990-იანი წლებიდან მოყოლებული ქვეყნდება და ის აშშ-ის ბაზარზე არსებული ტენდენციების ამსახველი ერთ-ერთი ყველაზე ზუსტი ინდიკატორია.

შეგახსენებთ, რომ პანდემიის დადგომასთან ერთად, მსოფლიო არაერთი უცნაური ტენდენციის წინაშე აღმოჩნდა და, მათ შორის, გამონაკლის არც ავტომობილების ბაზარი ყოფილა. ზოგადად, ავტომობილები ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად გაუფასურებად ფიზიკურ აქტივებად ითვლება, თუმცა პანდემიამ ეს ეკონომიკური კანონზომიერებაც თავდაყირა დააყენა. უმოკლეს პერიოდში ახალი და მეორადი ავტომობილების ფასები რეკორდული ტემპით გაიზარდა, რაც ლოკდაუნების გამო ქარხნების დახურვითა და საწარმოო პროცესების შეფერხებით იყო განპირობებული.

Mercedes-ის, Toyota-ს, Ford-ისა და Volkswagen-ის მიერ ქარხნების დროებით შეჩერებამ ბაზარზე ახალი ავტომობილების მიწოდება მნიშვნელოვნად შეამცირა. მიწოდების შეზღუდვის მიუხედავად, ბაზარზე მოთხოვნა არ შემცირებულა, ამ მოცემულობამ კი სწორედ იმ ფაქტამდე მიგვიყვანა, რომ 2020-ის დადგომიდან თითქმის ერთ წელში ავტომობილების ფასები მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 30-40%-ით გაიზარდა.

ახალი ავტომობილების გაძვირების გამო, მოთხოვნამ მეორად ბაზარზე გადაინაცვლა, ამ სტატისტიკას კი ყველაზე კარგად ის ცხადყოფს, რომ ამერიკაში ავტომობილის მოხმარების საშუალო ასაკმა 12 წელს გადააჭარბა, რაც ქვეყნის ისტორიაში რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია.

რაც შეეხება ბაზარზე ამჟამად არსებულ ვითარებას, ფასების შემცირება მსოფლიოს მასშტაბით მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებითაა განპირობებული, განსაკუთრებით კი აშშ-ში, სადაც რეფინანსირების ძირითადი განაკვეთი დაახლოებით 5-ჯერ გაიზარდა. ბუნებრივია, გაძვირებული სესხი მომხმარებელს ხარჯვის შემცირებისკენ უბიძგებს, რაც პროდუქციის გაიაფებას უწყობს ხელს.

ეორე ძირითადი ფაქტორი რეცესიული რისკების ზრდა და რეკორდულად გაზრდილი ინფლაციაა. რთული მაკროეკონომიკური ვითარების პირობებში მოქალაქეები ახალი შენაძენის გაკეთებას ერიდებიან, ავტომობილი კი საშუალოსტატისტიკური მოქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული შენაძენია.

მესამე ფაქტორი მიწოდების ჯაჭვების აღდგენას და ნახევარგამტარების მიწოდების დასტაბილურებას უკავშირდება. პანდემიის დასრულების შემდეგ, მსოფლიოს მასშტაბით საწარმოო პროცესების აღდგენამ ბაზარზე ახალი ავტომობილების უწყვეტ მიწოდებას შეუწყო ხელი, რაც, საბოლოო ჯამში, ფასებს ნორმალურ ნიშნულთან დაბრუნებისკენ უბიძგებს.

ექსპერტების შეფასებით, ავტომობილების გაიაფების ტენდენცია 2023 წლის ბოლომდე გაგრძელდება, პროცესი კი განსაკუთრებით დაჩქარდება იმ შემთხვევაში, თუ წელს ფედერალური რეზერვი მონეტარულ პოლიტიკას მოსალოდნელზე მეტად გაამკაცრებს ან აშშ-ის ეკონომიკა რეცესიამდე მივა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები