მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ში ჩინური ავტომობილების იმპორტი აიკრძალება

ჯო ბაიდენი და სი ძინპინი

ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ წარმოადგინა კანონპროექტი, რომლითაც ქვეყანაში ჩინეთიდან ავტომობილების იმპორტი აიკრძალება. თეთრ სახლში აღნიშნავენ, რომ ჭკვიანი მოწყობილობებით და თანამედროვე პროგრამული უზრუნველყოფით აღჭურვილი ავტომობილები ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის მწვავე საფრთხეს წარმოადგენენ, რადგან კამერებით და სენსორებით, რომელთაც თანამედროვე ავტომობილში უხვად ვხვდებით, ჩინეთის და რუსეთის მსგავს არამეგობრულ ქვეყნებს ამერიკელთა პირადი მონაცემების შეგროვება და ამ გზით, ქვეყნის საბოტაჟი შეუძლიათ. ბაიდენის ადმინისტრაციის შეფასებით, ჩინური ავტომობილები საფრთხეს მიწოდების ჯაჭვების კუთხითაც შეიცავს და თან, შესაძლოა, არამეგობრულ ქვეყნებში წარმოებული ავტომობილები შუა გზაში გაითიშოს, რაც დამატებით პრობლემებს გამოიწვევს.

“სატრანსპორტო უსაფრთხოების დაცვით დაწყებული და მძღოლებისთვის სანავიგაციო ინფორმაციის მიწოდებით დამთავრებული, ჭკვიან ავტომობილებს ბევრი დადებითი აქვთ, მაგრამ ისინი ბევრ ახალ და მუდმივად მზარდ რისკებსაც შეიცავენ. ასეთი ტექნოლოგიების ჩამონათვალში ვხვდებით, როგორც ავტომობილის მართვის კონტროლზე და მძღოლისა და მგზავრის შესახებ სათუთი მონაცემების შეგროვებაზე პასუხისმგებელ სისტემებს, ასევე კამერებსა და სენსორებს, რომელთა დახმარებით ავტომობილი ავტოპილოტის რეჟიმში გადაადგილდება და ამერიკული ინფრასტრუქტურის შესახებ დეტალურ ინფორმაციას აღრიცხავს. დღეს, ისე, როგორც არასდროს, ავტომობილები პირდაპირ უკავშირდებიან ჩვენი ქვეყნის ციფრულ ქსელებს.

როგორც ვაჭრობის დეპარტამენტის მოკვლევით დადასტურდა, ავტომობილების მზარდი ტექნოლოგიურობა სათუთი ინფორმაციის შეგროვების და ბოროტად გამოყენების შესაძლებლობას აჩენს. ასეთ ავტომობილებში დამონტაჟებული მოწყობილობები და პროგრამული უზრუნველყოფა გეოგრაფიული არეალის და კონკრეტული ინფრასტრუქტურის შესახებ ინფორმაციის შეგროვების საშუალებას აჩენს, რაც ცუდ ადამიანებს ინფრასტრუქტურის ან თავად ავტომობილების მუშაობის შეფერხების წინაპირობას უჩენს. ვაჭრობის დეპარტამენტმა დაადგინა, რომ ჩინეთში და რუსეთში წარმოებულ ჭკვიან ავტომობილებში არსებული კონკრეტული ტექნოლოგიები განსაკუთრებით მწვავე რისკებს აჩენს. ამ ტიპის ქვეყნებს შეუძლიათ მიწოდების ჯაჭვებში არსებული კრიტიკული ტექნოლოგიები თვალთვალისთვის და ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების საბოტაჟისთვის გამოიყენონ.

ვაჭრობის დეპარტამენტის მიერ შეთავაზებული კანონპროექტით, ჩინეთში, რუსეთში ან მათთან დაკავშირებული სუბიექტების მიერ შექმნილი, წარმოებული ან მიწოდებული ჭკვიანი საავტომობილი სისტემების იმპორტი ან გაყიდვა აიკრძალება… პროგრამულ უზრუნველყოფაზე დაწესებული აკრძალვა 2027 წლის მოდელებიდან ამოქმედდება, ხოლო მოწყობილობებზე დაწესებული შეზღუდვა 2030 წლის მოდელებიდან ამოქმედდება - იმ ავტომობილებისთვის, რომლებიც მოდელის გამოშვების წლის გარეშე გამოდის, თარიღი 2029 წლის 1-ელი იანვარი იქნება. ეს შეზღუდვები კონკრეტული ქვეყნების მხრიდან აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ რისკების შეამცირებს”, - ვკითხულობთ თეთრი სახლის განცხადებაში.

ის მოწყობილობები და პროგრამული უზრუნველყოფა, რომელსაც თეთრ სახლში მწვავე საფრთხედ აღიქვამენ, ნებისმიერი თანამედროვე ავტომობილის შემადგენელი ნაწილია. ამ მხრივ, იგულისხმება ყველა მოწყობილობა თუ პროგრამა, რომელსაც, პირდაპირ ან ირიბად, Bluetooth-თან, ფიჭურ კავშირგაბმულობასთან, Wi-Fi-სთან და კოსმოსურ თანამგზავრთან აქვს წვდომა. ამასთან, რეგულაცია არამეგობრულ ქვეყნებში წარმოებული კამერების, სენსორების და ბორტკომპიუტერების აკრძალვასაც ითვალისწინებს, რადგან ამერიკელთა შესახებ ინფორმაციას, სწორედ ისინი აგროვებენ.

თუმცა პრობლემა, რომლის აღმოფხვრა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ ამ კანონით დაისახა, არც თუ ისე მარტივია, რადგან ბევრი ამერიკული, ევროპული, იაპონური თუ კორეული ავტომობილი, ხშირად, არაერთ ჩინურ სისტემას იყენებს, რადგან ეს ავტომობილის ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული ნაწილია, რომლის ინდივიდუალურად განვითარება, ხშირად, რამდენიმე მილიარდი დოლარი ჯდება. ამგვარად, ის ავტომწარმოებელი კომპანიები, რომლებიც ჩინურ მოწყობილობებს ან პროგრამულ უზრუნველყოფას იყენებენ, იძულებულები იქნებიან, მიმწოდებლები ჩაანაცვლონ.

ისე კი, პრობლემა, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება ჩინურ ავტოკონცერნებთან მიმართებით ხედავს, ახალი არ არის და მასზე დიდი ამერიკული კომპანიებიც წუხან. ილონ მასკს არაერთხელ უთქვამს, რომ მილიარდიანი სუბსიდიით წარმოებულ ჩინურ ელექტრომობილებთან კონკურენცია ყველა კომპანიას გაუჭირდება, ხოლო Ford-ის დირექტორმა, ამასწინათ, ჩინური ავტოინდუსტრია, საერთოდაც, ეგზისტენციალურ საფრთხედ შეაფასა. პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ეს გადაწყვეტილება, დიდწილად, სწორედ კერძო სექტორის ამ განცხადებების შედეგია.

თუმცა არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ რამდენიმე თვის წინ, ბაიდენის ხელისუფლებამ ჩინეთში წარმოებული ელექტრომობილების იმპორტზე 100%-იანი ტარიფი დააწესა, რაც ნიშნავს, რომ ჩინურ კომპანიებს მსოფლიოს ნომერ პირველ ბაზარზე ელექტრომობილების გაყიდვა, სულ მცირე, ორჯერ უფრო ძვირად მოუწევთ. ანალოგიური გადაწყვეტილება კანადის და ევროკავშირის ხელისუფლებებმაც მიიღეს, მაგრამ ევროპული გაერთიანება ტარიფის სიდიდის საკითხს უფრო კონსერვატიულად მიუდგა, ისიც იმიტომ, რომ ბევრი ევროპული კომპანია ავტომობილებს სწორედ ჩინეთში აწყობს.

ბოლოს კი, აუცილებლად უნდა ვახსენოთ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის მიმდინარე ე.წ. “სავაჭრო ომი”, რომელიც ჯერ კიდევ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობისას დაიწყო, მაგრამ დემოკრატიული პარტიის პირობებშიც გაგრძელდა. ამ პერიოდში, შეერთებულმა შტატებმა და ჩინეთმა ერთმანეთს არაერთი სანქცია დაუწესეს, რომელთა გამო, ამერიკაში ჩინური სმარტფონების გაყიდვა, ფაქტობრივად შეუძლებელია. როგორც ჩანს, ჩინური ავტომობილებიც ამ გზას ადგას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები