მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ში ინფლაციური მოლოდინები შემცირებულია - FED

63bd759585c72
გიორგი თოლორდავა
10.01.23 18:43
592
ფედერალური რეზერვის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ამერიკის შეერთებულ შტატებში ინფლაციური მოლოდინები შემცირებულია.

2023 წლის საშუალო ინფლაციური მოლოდინი 5%-ს შეადგენს, რაც 0.2 პროცენტული პუნქტით ნაკლებია წინა თვეში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე. რაც შეეხება სამწლიან საშუალო ინფლაციას, ამ შემთხვევაში მოლოდინები 3%-ის ფარგლებშია, რაც მაინც მაღალია FED-ის სამიზნე მაჩვენებელზე.

ინფლაციური მოლოდინები FED-ის ოფიციალური პროგნოზისგან განსხვავებული ინდიკატორია, რომელიც გამოკითხვის საფუძველზე დგინდება და ქვეყნის ეკონომიკაში არსებული მოლოდინებისა და პროგნოზების შესაფასებლად გამოიყენება.

ზოგადად, ინფლაციის დონეს როგორც უკვე არსებული ფაქტორები, ასევე სამომავლო მოლოდინებიც ადგენს, თუკი მოსახლეობის დიდი ნაწილი ვარაუდობს, რომ ფასების ზრდის პროცესი კიდევ გაგრძელდება, უმეტესწილად ასეც ხდება ხოლმე და ეკონომიკაში ფასები იზრდება. მონეტარული პოლიტიკის განმსაზღვრელი ცენტრალური მარეგულირებლის დანიშნულება არა მარტო განაკვეთების კონტროლი, არამედ ინფლაციური მოლოდინების გაკონტროლებაცაა.

აშშ-ში არსებული აღნიშნული მოცემულობა იმაზე მიუთითებს, რომ მოსახლეობა 2023-24 წლებში ფასების ზრდის ტემპის შენელებას მოელის, რაც აწ უკვე გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკითაა განპირობებული.

ცნობისთვის, აშშ-ში ინფლაციის დონე ამჟამად 7.1%-მდეა შემცირებული და მოსალოდნელია, რომ მომდევნო თვეს წლიური ინფლაცია დამატებით 0.2-0.3 პროცენტული პუნქტით შემცირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები