მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ში ივლისში უმუშევრობა გაიზარდა, ევროპაში კი ეკონომიკური ზრდა პროგნოზს აჭარბებს - TBC Capital-ის მაკრომიმოხილვა

ევროკავშირი

TBC Capital-ის ობლიგაციების ბაზრის მიმოხილვაში, წამყვანი ეკონომიკების მაკროეკონომიკური პორტრეტების მიმოხილვის ნაწილში აღნიშნულია, რომ ამერიკის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ და ევროპის ცენტრალურმა ბანკმა შესაძლოა მომდევნო შეხვედრაზე რეფინანსირების განაკვეთები შეამცირონ.

2024 წლის ივლისში, აშშ-ის უმუშევრობის დონე 4.3%-მდე გაიზარდა, რაც მოსალოდნელი 4.1%-ს მნიშვნელოვნად აღემატება და ივნისის 4.1%-თან შედარებით მაღალია, რადგან დასაქმების ბაზარს მეტი ადამიანი შეუერთდა. არასამეწარმეო სექტორში დასაქმება ივლისში გაიზარდა 114 000 სამუშაო ადგილში, რაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება ეკონომისტების მიერ პროგნოზირებულ 180 000 სამუშაო ადგილს და ასევე ნაკლებია ივნისში დამატებულ 179 000 სამუშაო ადგილთან შედარებით.

„დასაქმების ზრდის შენელება და უმუშევრობის დონის ზრდა მიუთითებს, რომ აშშ-ის ეკონომიკა არ გადახურებულა, რაც ფედერალურ სარეზერვო სისტემას აძლევს საფუძველს განიხილონ საპროცენტო განაკვეთის შემცირება მომდევნო შეხვედრებზე, მაგალითად სექტემბერში“, - ნათქვამია მიმოხილვაში.

TBC Capital-ში განმარტავენ რატომ არის ეს მოცემულობა მნიშვნელოვანი და ეკონომისტებზე დაყრდნობით წერენ, რომ ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ, შესაძლოა, ზედმეტად დიდი ხნით გაწელა საპროცენტო განაკვეთის შემცირება. „ბოლო მონაცემები დასაქმების მნიშვნელოვან შემცირებას აჩვენებს, რაც მიანიშნებს, რომ შრომითი ბაზარი გარდატეხის წერტილს უახლოვდება და არაჯანსაღად გამოიყურება, რაც იწვევს ივლისის დასაქმების ანგარიშში ასახულ შედეგებს“, - წერია მიმოხილვაში.

რაც შეეხება ევროკავშირის ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელს, ევროკავშირის სტატისტიკის სამსახურის წინა შეფასებებმა აჩვენა, რომ ევროზონის ეკონომიკა 2024 წლის მეორე კვარტალში გაიზარდა 0.3%-ით, რაც პროგნოზირებულ მაჩვენებელს აღემატება. ეკონომისტები 0.2%-იან ზრდას პროგნოზირებდნენ. თუმცა ევროზონის უმსხვილესი - გერმანიის ეკონომიკა კვარტალურ ჭრილში მოულოდნელად 0.1%-ით შემცირდა. პირველ კვარტალში დაფიქსირებული 0.2%-იანი ზრდისა და პროგნოზირებული 0.1%-იანი ზრდის მიღწევა ვერ მოხერხდა. გერმანიის ეკონომიკის შემცირებას აკომპენსირებდა ძლიერი შედეგები ესპანეთში, სადაც ტურიზმის ბუმმა ზრდის ხელშეწყობა გააგრძელა, ასევე ზომიერი ზრდა დაფიქსირდა საფრანგეთსა და იტალიაში.

TBC Capital-ში აცხადებენ, რომ ივნისში, ევროპის ცენტრალური ბანკი პირველი მსხვილი ცენტრალური ბანკი გახდა, რომელმაც საპროცენტო განაკვეთის შემცირება დაიწყო.

„მან იწინასწარმეტყველა მოთხოვნის სტაბილური აღდგენა ბლოკში მიმდინარე წელს, რაც ინფლაციის შენელებით, ხელფასების ზრდით და გლობალური ვაჭრობის აღდგენით იყო განპირობებული. თუმცა ბოლო ბიზნეს კვლევებმა აჩვენა, რომ ევროზონის ეკონომიკაზე გავლენას გეოპოლიტიკური დაძაბულობა, გლობალური ზრდის სისუსტე და არამდგრადი მომხმარებელთა ნდობა ახდენს. ეკონომისტებმა განაცხადეს, რომ სამშაბათის მონაცემებმა ოდნავ გაზარდა შესაძლებლობა, რომ ევროპის ცენტრალურმა ბანკმა შემდეგ შეხვედრაზე საპროცენტო განაკვეთი კვლავ შეამციროს“, - ნათქვამია მიმოხილვაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები