გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, TEXSOM-ის სომელიეთა კონფერენციის ფარგლებში, აშშ-ში, ტექსასის შტატის ქალაქ ირვინგში, ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა.
სამინისტროს თანახმად, მასშტაბურ ღონისძიებაზე ქართული ღვინის წარდგენა ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი ამერიკული მარკეტინგული კომპანიის Colangelo & Partners ორგანიზებით გაიმართა. დეგუსტაციაზე სხვადასხვა დასახელების 70-მდე ქართული ღვინო იყო წარმოდგენილი.
"ღონისძიებას ღვინის ინდუსტრიის ექსპერტები და პროფესიონალები ესწრებოდნენ, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს პროფესიულ წრეებში ქართული ღვინის ცნობადობის ზრდას, პოპულარიზაციას და საბოლოოდ, მსოფლიო მასშტაბით, პროდუქციის გაყიდვებს.
კონფერენციაზე ქართული ღვინის კულტურისა და ისტორიის შესახებ პრეზენტაცია ღვინის მაგისტრმა, ლიზა გრანიკმა წარადგინა.
ტექსასის სომელიეთა კონფერენცია TEXSOM, ადგილობრივი სომელიეებისთვის პროფესიული სტანდარტებისა და განათლების ამაღლების მიზნით, 2005 წელს დაარსდა. შემდგომ, კონფერენცია გარდაიქმნა ღვინის სფეროში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო ღონისძიებად. 2014 წლიდან, კონფერენციას დაემატა ყოველწლიური საერთაშორისო ღვინის კონკურსი, რომლის ჟიურის შემადგენლობაშიც არიან ღვინის პროფესიონალები და სომელიეები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით განხორციელებულმა ღონისძიებებმა ხელი შეუწყო აშშ-ში ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას, რაც კონკრეტული შედეგებით დასტურდება. მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში, საქართველოდან აშშ-ში ექსპორტირებულია 710 ათას ლიტრამდე ღვინო, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 44%-ით აღემატება. აღსანიშნავია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინისთვის ერთ-ერთი ყველაზე მაღალფასიანი ბაზარია, სადაც ერთი ლიტრი ქართული ღვინის საშუალო ფასი 6 აშშ დოლარის ფარგლებშია",- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.