ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის Vinoveli Inc-ის ორგანიზებით, ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ნიუ-იორკში, როკფელერების ცენტრში, ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია და ბიზნესფორუმი გაიმართა.
უწყების ინფორმაციით, ღონისძიებას ღვინის ბლოგერები, იმპორტიორები, მედიის, HoReCa-სა და კომერციული სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიების 40-მდე სხვადასხვა სახეობის ღვინო დაეგემოვნებინათ. მათ ასევე მიიღეს ინფორმაცია ქართული ღვინის 8 000-წლიანი მეღვინეობის ტრადიციის, ადგილობრივი ვაზის ჯიშებისა და ქვევრის ღვინის დაყენების უნიკალური ტექნოლოგიის შესახებ.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მსგავსი ღონისძიებები ქართული ღვინის პოპულარიზაციას, მომხმარებელთა ინტერესის ზრდასა და აშშ-ის ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობისა და კონკურენტუნარიანობის გაძლიერებას ემსახურება. სააგენტოში აღნიშნავენ, რომ აშშ ქართული ღვინისთვის ერთ-ერთი სტრატეგიული და მაღალფასიანი ბაზარია, სადაც ერთი ლიტრი ქართული ღვინის საშუალო საექსპორტო ფასი დაახლოებით 6 აშშ დოლარს აღწევს, მაშინ როდესაც ქართული ღვინის საშუალო საექსპორტო ფასი მთლიანობაში 3.11 აშშ დოლარია.
თუმცა, მიუხედავად მარკეტინგული კამპანიებისა, მიმდინარე წელს აშშ-ის ბაზარზე ქართული ღვინის ექსპორტი შემცირებულია. სააგენტოს მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-ივნისში 6 თვეში საქართველოდან აშშ-ში 2,6 მლნ აშშ დოლარის 431 000 ლიტრი ღვინოა ექსპორტირებული. მაშინ როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში აშშ-ში ღვინის ექსპორტი 2,8 მლნ აშშ დოლარი და 443 510 ლიტრი იყო.




























