მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აშშ სომხეთს $11 მილიონის სადაზვერვო დრონებს მიჰყიდის

ჯეი დი ვენსი და ნიკოლ ფაშინიანი

აშშ სომხეთს $11 მილიონი დოლარის ღირებულების სადაზვერვო დრონებს მიჰყიდის. ეს გადაწყვეტილება სამხრეთკავკასიური ტურნეს ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერთად ჩატარებულ პრესკონფერენციაზე გააჟღერა.

ვენსის თქმით, ეს ტექნოლოგია რეგიონული სტაბილურობისა და ხანგრძლივი მშვიდობის მხარდაჭერისთვის იქნება განკუთვნილი. ტრანზაქცია განხორციელდება აშშ-ის „უცხოური სამხედრო გაყიდვების“ (FMS) პროგრამის ფარგლებში.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, ეს ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში ურთიერთობების გაღრმავებისკენ გადადგმული უპრეცედენტო ნაბიჯია. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტს გადაწყვეტილებისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ ეს გარიგება მომავალში უფრო ფართო სამხედრო-ტექნოლოგიური თანამშრომლობის მყარ საფუძველს ჩაყრის.

აღსანიშნავია, რომ ვიზიტის ფარგლებში ვენსმა ენერგეტიკული და დიპლომატიური კავშირების კიდევ უფრო განმტკიცებაც დააანონსა. არსებული ინფორმაციით, ხელი უკვე მოეწერა სამოქალაქო ბირთვულ შეთანხმებას, რომელიც სომხეთში $9 მილიარდამდე დოლარის ინვესტირებას გულისხმობს. ცნობისთვის, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც აშშ-ის მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი დამოუკიდებელ სომხეთს სტუმრობს, რაც ვაშინგტონის მხრიდან ქვეყნის სუვერენიტეტისა და ენერგოდამოუკიდებლობის მხარდაჭერის აშკარა სიგნალად მიიჩნევა. ერევანში გამართული შეხვედრების შემდეგ, რეგიონული დისკუსიების გასაგრძელებლად ვენსი ხვალ ბაქოში გაემგზავრება და სამხრეთ კავკასიურ ტურნეს სწორედ ალიევთან შეხვედრით დაასრულებს. თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რა სახის შეთანხმებები გაფორმდება აზერბაიჯანსა და აშშ-ს შორის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები